ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, მდინარაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ გამორიცხავს, ვიოლა ფონ კრამონი „მოლოტოვის კოქტეილით“ იხილონ დედაქალაქში.
„კახა კალაძის ალეგორია ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რაზე არიან წასულები ადამიანები, რომლებსაც ერთი შეხედვით, საქართველოში არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ისე არიან ჩარეული, შეიძლება, მართლა მაჟორიტარებად მოიაზრებენ თავს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულია და შესაძლოა, პროპორციული სიით ვიხილოთ, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეეცადოს და გადმოეწეროს. შეიძლება, მოხვდეს „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაში, რომელიმე მის კლასტერში ან მართლაც გამოვარდეს და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, ცეცხლი წაუკიდოს და რადიკალური ოპოზიცია ვიოლა ფონ კრამონის დასაცავად გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, კონკრეტული ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები მათ საერთო გეგმაში კარგად ზის, რაც ქაოსში ჩართვას, ხელისუფლების ცვლილებას, მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.