ჟორდან ბარდელა – „ტიკ-ტოკის“ ვარსკვლავი და მარინ ლე პენის „კაცი“, რომელმაც ფრანგი ულტრამემარჯვენეების იმიჯი შეცვალა

57
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჟორდან ბარდელა – „ტიკ-ტოკის“ ვარსკვლავი და მარინ ლე პენის „კაცი“, რომელმაც ფრანგი ულტრამემარჯვენეების იმიჯი შეცვალა“ (ავტორი – მარინა რომადოვა), რომელშიც გაანალიზებულია ემანუელ მაკრონის სავარაუდო ოპონენტის სახე და მისი საპრეზიდენტო პერსპექტივა.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი ტრიუმფატორი გახდა ულტრამემარჯვენეების ლიდერი, 28 წლის ჟორდან ბარდელა – ფრანგი ახალგაზრდების კერპი და სათაყვანო პიროვნება, კინოვარსკვლავის გარეგნობით, უზადო მანერებით და მიმზიდველი ღიმილით. მისმა პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ უფრო ხმები მიიღო, ვიდრე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტია „აღორძინებამ“, რამაც პრეზიდენტი პარლამენტის (ეროვნული კრების) დათხოვნაზე და ვადამდელი არჩევნების დანიშნვნაზე აიძულა.
რით გამოიხატება ჟორდან ბარდელას პოპულარობის ფენომენი, რომელიც ივლისში, ეროვნული კრების არჩევნებში სავარაუდო გამარჯვების შემდეგ, შეიძლება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს?


„მე ბავშვობიდან ვხედავდი, რომ დედაჩემი როგორ მძიმედ შრომობდა და ძლივს შოულობდა ლუკმა-პურს, განსაკუთრებით გვიჭირდა ხოლმე თვის ბოლოს“, – ჰყვებოდა ჟორდან ბორდელა ორი წლის წინათ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში და ამით ხაზს უსვამდა, რომ ემანუელ მაკრონის „აღორძინებისაგან“ განსხვავებით, მისი პარტია ეროვნული მოძრაობა“ არასოდეს კარგავდა ხალხთან კავშირს. საკუთარ თავს იგი ამაყად უწოდებს „შერეული წარმოშობის მქონე ფრანგს“ და მართლაც, პირადი ისტორია მას ძალიან დაეხმარა არა მხოლოდ პოლიტიკური სახის შესაქმნელად, არამედ ფრანგების თვალში ულტრამემარჯვენეების რეპუტაციის ტრანსფორმაციისათვის, რომელთა კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ოდესღაც სირცხვილად ითვლებოდა.


ცხოვრება გეტოში და სწავლა კერძო სკოლაში


ჟორდან ბორდელა 1995 წელს დაიბადა სენ-დენში – პარიზის ერთ-ერთ მივარდნილ და არასტაბილურ გარეუბანში, რომელიც ძირითადად არაბული და აფრიკული წარმოშობის მქონე იმიგრანტებით არის დასახლებული. დედამისი ლუიზა საფრანგეთში იტალიიდან ჩავიდა, 1960-იან წლებში და ცოლად გაჰყვა ოლივიეს – მამაკაცს, რომელსაც ემიგრანტული (ალჟირული) წარმომავლობა ჰქონდა. პატარა ჟორდანი სოციალურ ბინაში იზრდებოდა – მოსაწყენ მუნიციპალურ მრავალსართულიან შენობაში, რომლებიც სენ-დენში ძალიან ბევრია. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა ჟორდანი ორი წლის იყო. მას დედამისი ზრდიდა, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობდა და თვიდან თვემდე მხოლოდ ხელფასით ცხოვრობდა.


თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ჟორდანის ბავშვობა მთლად ისე ღარიბული არ ყოფილა, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობს თვითონ იგი და მისი მხარდამჭერები: მამამისი, განქორწინების შემდეგ სენ-დენიდან პარიზის უფრო კეთილმოწყობილ კვარტალში გადავიდა და წარმატებით დაიწყო იარაღითა და გამაგრილებელი წყლებით ვაჭრობა, მას ვაჟი კვირაში ორჯერ თავისთან მიჰყავდა, არდადეგებზე საზღვარგარეთ მიჰყავდა დასასვენებლად და კერძო სკოლაში სწავლის ფულს უხდიდა.


2005 წლის შემოდგომაზე 10 წლის ჟორდანი მოწმე გახდა მასობრივი უწესრიგობებისა, რომელმაც სენ-დენი მოიცვა ორი ჩრდილოაფრიკელი ბავშვის დაღუპვის გამო, რომლებიც პოლიციელებს ელექტროტრანსფორმატორის ჯიხურში დაემალნენ და დენის დარტყმისგან დაიღუპნენ. როგორც ჟორდან ბორდელა ამბობს, მაშინდელმა არეულობებმა მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა და 16 წლის ასაკში იგი ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ (მაშინ ასე ერქვა „ეროვნულ გაერთიანებას“) წევრი გახდა. მე სენ-დენის მსგავს გარეუბნებს საფრანგეთის რესპუბლიკისათვის დაკარგულად ვთვლი. იქ მეფობს სიღარიბე, დამნაშავეობა, ნარკოვაჭრობა, იმიგრანტები გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ“, – ჰყვება იგი ინტერვიუში.


ჟორდანი თავს არიდებს კერძო პრესტიჟულ სკოლაში სწავლების პერიოდს, ალბათ, იმიტომ, რომ მას სურს ღარიბულ უბნებში გაზრდილი ბიჭის იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ იგი ტყუილად ცდილობს ხალხს ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტი დაავიწყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კერძო სკოლაში სწავლამ ჟორდანს ღრმა ცოდნა მისცა, მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბა და, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, იგი იქ ორატორულ ხელოვნებას დაეუფლა.


მომავალმა ლიდერმა წარმატებით დაასრულა ლიცეუმი და სორბონის უნივერსიტეტში შევიდა გეოგრაფიის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან სწავლა მიატოვა და საქმიანობა მთლიანად „ეროვნულ ფრონტში“ გააგრძელა. 19 წლის ჟორდან ბარდელა ჯერ სენ-დენის პარტიული უჯრედის მდივანი გახდა, შემდეგ ილ-დე-ფრანსის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი მარინ-ლე პენის „მარჯვენა ხელად“ იქცა.


ფრანგი ულტრამემარჯვენეების ახალი სახე


ჟორდანი სათანადო ადგილზე სათანადო დროს მოხვდა. მარინ ლე პენი, რომეიც პარტიის ლიდერი 2011 წელს გახდა, ცდილობდა, რომ „ეროვნული ფრონტი“ მამამისის – ჟან-მარი ლე პენის მემკვიდრეობისაგან გაეწმინდა, რომლის დროს ფრანგები პარტიას რასისტულ, ანტისემიტურ, ანტიისლამურ და დემოკრატიული საზოგადოებისათვის საშიშ ორგანიზაციად აღიქვამდნენ.


ჟორდანი, თავისი ქარიზმატული გარეგნობით, უზადო ჩაცმულობით, რბილი ხმით და იმავდროულად ორატორული ნიჭით პარტიის ახალი იმიჯის იდეალურ განსახიერებად იქცა. ანუ, იგი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც მარინ ლე პენს ძალიან ჭირდებოდა ხალხისათვის მთავარი სიგნალის გასაგზავნად: „ჩვენ რასისტული პარტია კი არ ვართ, არამედ ნორმალური ოპოზიციური პარტია, რომელიც რიგითი ფრანგების ინტერესებს იცავს“. ჟორდან ბარდელა „ეროვნული ფრონტის“ რებრენდინგის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა, ანუ ისეთი, როგორიც მარინ ლე პენს ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთი მხრივ, ჟორდანის ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა და მეორე მხრივ, მარინ ლე პენის მრავალწლიანმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო ძლიერი ტანდემის შექმნას, რომელმაც ბოლო დროს გასაოცარი ელექტორალი შედეგი მოიტანა.
„ისინი ერთმანეთს საუკეთესო სახით უთავსდებიან“, – ამბობს პროფესორი ფილიპ მარლიერი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფრანგული პოლიტიკის მკვლევარი, – ჟორდან ბარდელამ „ეროვნული ფრონტის“ რეპუტაცია „გააკრიალა“.


„არასოდეს ამდენი ფრანგი არ თვლიდა მარინ ლე პენის პარტიას აბსოლუტურად ლეგიტიმურად“, – აღნიშნავს სტიურტ შო, სოციოლოგიური ჯგუფის Vérian-ის დირექტორი, – „საზოგადოებრივი გამოკითხვების თვალსაზრისით, ეს პარადიგმების ცვლილებას ნიშნავს. ფრანგები ყურადღებას აღარ აქცევენ რასისტულ და ანტისემიტურ იდეებს, რომლებიც პარტიის დამარსებელს – ჟან-მარი ლე პენს უკავშირდება“.


TikTok-სენსაცია და სელფის მოყვარული


ჟორდან ბარდელამ პარტიას, რომელსაც ტრადიციულად მხარს მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები უჭერდნენ, ახალგაზრდა ამომრჩევლების მილიონობით ხმა მოუტანა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მაღალი ფასებით, უმუშევრობით, ცხოვრების პირობების გაუარესებით და უპერსპექტივობით. ჟორდანი თანატოლებს მათ ენაზე და მათ პლატფორმაზე ელაპარაკება – იგი გახდა „ტიკ-ტოკის“ ვარსკვლავი გახდა, სადაც მას 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავს. გოგონები ახალგაზრდა პოლიტიკოსს სიყვარულს ეფიცებიან – ისე, როგორც კინო- და პოპ-მუსიკის ვარსკვლავებს. ჟორდანი ხშირად იღებს სელფებს თანატოლებთან ერთად. როგორც მონპელიეს უნივერსიტეტის პროფესორი რომენ ფარჟიე ამბობს, „მემარჯვენეთა ასეთი ტაქტიკა მომგებიანია. მემარცხენეები მსგავს პოპულარობას ვერ აღწევენ“.


ჟორდან ბარდელას პოპულარობა საფრანგეთში ეჭვს არ იწვევს: მისი სახელი შეტანილია 50 ყველაზე პოპულარულ ფრანგ პოლიტიკოსთა სიაში. „იგი ახალგაზრდაა, ამბიციური, ჩვენ კარგად გვიცნობს. ჟორდანი ჩვენ გვჭირდება, ის ფრანგი ახალგაზრდების ლიდერია, ჩვენი გადამრჩენი“, – აღფრთოვანებას ვერ მალავს 23 წლის ლუი ვარნიო.


ევროპარლამენტარი და „იდეალური სიძე“


2017 წელს, როცა მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონთან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, „ეროვნულ ფრონტს“ სახელი შეუცვალა და „ეროვნული გაერთიანება“ უწოდა. 2018-ში ჟორდან ბარდელა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა, 2019 წელს კი, 23 წლის ასაკში, ევროპარლამენტის დეპუტატი. მართალია, მას ბრიუსელში იშვიათად ხედავდნენ („დეპუტატი-მოჩვენებაც“ კი უწოდეს), მაგრამ, სამაგიეროდ, საფრანგეთში სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას. 2022 წელს მარინ ლე-პენმა მას პარტიის ლიდერობის ფუნქცია გადასცა: 27 წლის ჟორდან ბარდელა მისი პოლიტიკური მემკვიდრე გახდა.


რა თქმა უნდა, თვითონ მარინ ლე პენი არსადაც არ წასულა – ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას პარტიაში ისევ ის იღებს, მაგრამ ახლა მას სურს, რომ მთავარი მიზნის მიღწევას – საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას მეტი ყურადღება დაუთმოს.


ცხადია, ყველას არ მოსწონს ჟორდან ბარდელას ესოდენ სწრაფი აღმასვლა, მაგრამ მარინ ლე პენი თავის პროტეჟეს გააფთრებით იცავს და ხშირად მოფერებით „ლომის ბოკვერს“ ეძახი. პრესა ჟორდან ბარდელას მეტსახელად მარინ ლე პენის „იდეალურ სიძეს“ უწოდებს, თანაც ამაში გარკვეული სიმართლის მარცვალი არის: ჟორდანს რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა პარტიული შეფის ძმისშვილ გოგონასთან – ნოლვენ ოლივიესთან, თუმცა ისინი ევროპარლამენტის არჩევნების წინ ერთმანეთს დაშორდნენ.


„ადრე ქარაფშუტა და თავქარიანი იყო, მაგრამ ახლა…“


კრიტიკოსები ჟორდან ბარდელას ერუდიციის ნაკლებობას, საკვანძო საკითხებზე საკუთარი აზრის არქონას, საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკაში ცოდნის უკმარისობას საყვედურობენ, ანუ, მთლიანობაში, მისი მოქმედების სტილის მიღმა არაფრის არსი არ ჩანს.
პასკალ იუმო, „ეროვნული გაერთიანების“ საკომუნიკაციო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ჟორდან ბორდელას მედიასთან ურთიერთობას და საერთაშორისო პოლიტიკაში გარკვევას ასწავლიდა, ამბობს, რომ იგი მარინ ლე პენის დაზეპირებულ ფორმულებს იმეორებს და თავისი არაფერი არ აქვს.


„იგი ადრე ქარაფშუტა და თავქარიანი იყო, საკმაოდ შეზღუდულაზროვნებიანი ადამიანი. დიახ, თავი კარგად ეჭირა, მაგრამ ვერ აცნობიერებდა, თუ რა ხდებოდა საფრანგეთში და მსოფლიოში. ახლა, როცა იგი მიმზიდველად უღიმის ადამიანებს და თავისუფლად ესალმება, ეს ოფლისმღვრელი ტრენინგის შედეგია, მასზე დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული. მას პერსპექტივა ნამდვილად აქვს“.


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალმა ტელედებატების დროს ჟორდან ბარდელას უსაყვედურა, რომ მისი პარტია ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და ევროპა მას არ აინტერესებს. ჟორდანმა უპასუხა, რომ იგი ევროპის წინააღმდეგ არ გამოდის. „ვეწინააღმდეგები იმას, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი დღეს“.


სოციალისტი პიერ ჟუვე თვლის, რომ “ჟორდან ბარდელას ისეთი ევროპა სურს, რომელიც მვთულხლართებით იქნება შემოღობილი“. მიუხედავად იმისა, რომ პარტიაბრასიზმს აშკარად არ ავლენს, ის ყოველთვის გულისხმობს, რომ მტერი უცხოელია – მუსლიმანი არაბი ან ჩრდილოაფრიკელი, რომლებიც ფრანგების პრობლემებში არიან დამნაშავენი“.


„ულტრამემარჯვენეთა დევიზი ეროვნული სუვერენიტეტია და, შესაბამისად, ისინი ყველაფერს უარყოფენ, რაც მათ დევიზს ეწინააღმდეგება, ანუ ნატოს, ევროკავშირს და სხვა“, – ამონს ჟან-ივ კამიუ, პარიზის ანალიტიკური ცენტრის Fondation Jean Jaurès-ის სპეციალისტი, – ისინი არ აღიარებენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს. მათ ევროკავშირისათვის შიგნიდან ძირის გამოთხრა უნდათ“.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მარინ ლე პენს ხშირად აკრიტიკებდნენ ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოვლენილი სიმპათიების გამო, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდეგ მან კრემლი მკვეთრად გააკრიტიკა აგრესიის გამო. ჟორდან ბარდელას ვერავინ უსაყვდურებს პრორუსულ ხედვებში – მან მწვავედ ნეგატიურად შეაფასა რუსეთის მოქმედება უკრაინაში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ თავი შეიკავა ევროპარლამენტში კიევისადმი დახმარების გაწევის საკითხის კენჭისყრის დროს.


ფსონები დადებულია…


ემანუელ მაკრონმა, დაითხოვა რა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ფსონები გააკეთა იმაზე, რომ ფრანგი ამომრჩეველი, როცა დაინახავს „ეროვნული გაერთიანების“ ჭეშმარიტ სახეს „ბრწყინვალე საბურველის“ მიღმა, მოისმენს რა მის რადიკალურ ანტიიმიგრანტულ რიტორიკას, შოკში ჩავარდება და იფიქრებს – ნუთუ ასეთ პარტიას უნდა ჩავუგდოთ ხელში ძალაუფლებაო და არჩევნებში ხმას მის წინააღმდეგ მისცემს. მაგრამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა შეიძლება კარგად ვერ გათვალოს და შეცდეს.


ამასწინანდელმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პირველად 1984 წლის შემდეგ, ფრანგები მეტი რაოდენობით თვლიან, რომ „ეროვნული გაერთიანება“ უკვე აღარ წარმოადგენს საფრთხეს (45%), ვიდრე ისინი, ვინც კვლავ საფრთხედ თვლის (41%).
კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ „ეროვნული გაერთიანება“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს და ეროვნულ კრებაში 265 ადგილიდან 235-ს მიიღებს (ამჟამად 88 ადგილი აქვს). პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ჟორდან ბარდელა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.


და თუ მართლაც ასე იქნება, ემანუელ მაკრონის მეორე ვარაუდით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟორდან ბარდელა, არაკომპეტენტურობისა და გამოუცდელობის გამო, ბევრ შეცდომებს დაუშვებს და 2027 წლისათვის, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დრო დადგება, ისეთ დისკრედიტაციას მოუწყობს საკუთარ თავს და პარტიას, რომ მარინ ლე პენის საპრეზიდენტო ამბიციებს ჯვარი დაესმება.


აი, ამ სცენარმა შეიძლება იმუშაოს. მაგრამ თუ ჟორდან ბარდელა წარმატებული პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდება, იგი დაჩრდილავს მარინ ლე პენს და არ არის გამორიცხული, რომ „ეროვნული გაერთიანება“ პრეზიდენტობის კანდიდატად 31 წლის ჟორდანს დაასახელებს და არა 55 წლის მარინ ლე პენს. მით უმეტეს, რომ მადამ მარინმა უკვე სამჯერ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ჟორდან ბარდელას დიდი პლუსი აქვს იმითაც, რომ მისი გვარი ლე პენი არ არის.


როგორც პასკალ იუმო ამბობს, „ჟორდანი 17 წლიდან ოცნებობდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი გამხდარიყო. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა მისთვის ხელის შეშლას ვინმე შეძლებს“.


სისწრაფე, რომლითაც ჟორდან ბარდელა თავისი მიზნისაკენ მიიწევს, უპრეცედენტო და რეკორდულია. აქ უპრიანია გავიხსენოთ მიხეილ ბულგაკოვისეული ჭეშმარიტება: „ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან – ისინი ხშირად ახდებიან ხოლმე“ – სიფრთხილე მიზნის განხორციელებისათვის მომზადებას ითვალისწინებს.


წყარო