ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაცია Wisp-ი პრე-აქსელერატორის ფინალისტია

40
spot_img

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაციის შემქმნელი სტარტაპი Wisp-ი პრე-აქსელერატორის ერთ-ერთი მონაწილეა,  რომელიც ამ პროექტის ფარგლებში პროდუქტის შექმნასა და  დახვეწაზე მუშაობს.

„Wisp“-ი საქართველოში პირველი პლატფორმაა, რომელიც სმენის არმქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს წერა-კითხვისა და ჟესტების შესწავლაში  და კომუნიკაციის ნაპრალების ამოვსებაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეა  დაახლოებით წლინახევრის წინ გაჩნდა, როდესაც დამფუძნებელმა ქართული ჟესტური ენის შესწავლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას შემდეგ Wisp-ის გუნდი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ამ ჯადოსნური გზის გაკვალვაზე უწყვეტად მუშაობს.

აპლიკაციის მთავარი გმირი, მანათობელი არსება „ვისპი“, აპლიკაციის მომხმარებელს თავის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და ამ მოგზაურობის პროცესში წერა-კითხვისა და ჟესტების ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესწავლას სთავაზობს. აპლიკაციაში ინტეგრირებული, საგანგებოდ გაწერილი ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ანიმაციების სახითაა წარმოდგენილი, სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს ინფორმაციის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. აპლიკაცია მორგებულია ასევე არასმენადაქვეითებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჟესტური ენის შესწავლა სურთ.

Wisp-ი უკვე არაერთხელ დაიტესტა. პოტენციური მომხმარებლის რჩევების შესაბამისად, დაიხვეწა აპლიკაციის დიზაინი, ინტერფეისი და ფუნქციები. თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, საბოლოო ვერსიის მიღებაში ყველაზე დიდი როლი პრე-აქსელერაციის პროექტს მიუძღვის, რომელში მონაწილეობაც სტარტაპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„როცა გავიგეთ, რომ გამოცხადდა მიღება, მაშინვე  შევავსეთ განაცხადი, რის საფუძველზეც მოვხვდით პრე-აქსელერატორის პროგრამაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ. პროექტის ფარგლებში 3-თვიანმა მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვა და ძალიან გაგვზარდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურადაც. ბევრი რამის თქმა შემიძლია კონკრეტული, პროფესიული უნარების განვითარებაზე თუ მიღებულ ცოდნაზე, თუმცა ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც აქ გავიცანი და რომლებთან ურთიერთობამაც უნიკალური გამოცდილება შემძინა.“ – ამბობს Wips-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა რევაზიშვილი.

პრე-აქსელერატორის პროექტში, ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში,  Wips-ის ბიზნესმოდელი მთლიანად შეიცვალა, დაიბადა ახალი იდეები, ახლიდან დაიგეგმა ტექნიკური ნაწილი. აპლიკაციის საბოლოო ვერსიამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. მანამდე კი Wips-ის დამფუძნებლები, პრე-აქსელერატორის გუნდთან და სხვა ფინალისტ სტარტაპებთან ერთად, ტალინში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან ბეტკამპში, რის შემდეგაც საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგებიან.

სტარტაპი პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი ჩაერთო – ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოპოვება მოახერხეს.

R