რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე. მანამდე კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმას ცდილობდა, ორი მოწყობილობა მწყობრიდან გამოიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, მოგვიანებით, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პრეზიდენტი იმ მომენტში კრემლში არ იმყოფებოდა.