უკრაინის დედაქალაქ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უახლოეს თვეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ვიტალი კლიჩკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მომავალი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება.
„მომავალი თვეები ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. გააგრძელებს ომს ახალი სიკვდილით და ნგრევით თუ განიხილავს ტერიტორიულ კომპრომისს პუტინთან? და ამ შემთხვევაში რა ზეწოლა იქნება აშშ-იდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? ან როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რასაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე. კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი წელი მოგვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
კლიჩკო ამბობს, რომ ზელენსკის, სავარაუდოდ, რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს, რადგან ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე.
„ზელენსკის, ალბათ, მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს, არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე. მისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, დაახლოებით ისე, როგორც ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მოხდა“, – აღნიშნა კლიჩკომ.
ამასთან, ვიტალი კლიჩკო დარწმუნებული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზადაა, დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება“, – განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ „ზელენსკიმ ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა თავის კაბინეტში. შედეგად, კი პარლამენტმა დაკარგა შესაბამისი როლი“.
ჟურნალისტის კითხვაზე ეშინიათ თუ არა დონალდ ტრამპის, კლიჩკო ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასთან მუშაობა მოუწევთ.
„ჩვენ მოგვიწევს მასთან მუშაობა, თუ ის გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – აცხადებს კლიჩკო.