
უკრაინა საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან შესახვედრად ოთხი ოფიციალური პირის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციაში შევლენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
„მომავალ კვირას დავიწყებ საუდის არაბეთში ვიზიტით. ორშაბათს [10 მარტს] გვირგვინოსან პრინცთან ჩემი შეხვედრის შემდეგ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები იქ დარჩებიან, რათა სამშაბათს ამერიკის გუნდს შეხვდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული მხარე „კონსტრუქციული დიალოგის ერთგულია“.
„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, განვიხილოთ და შევთანხმდეთ საჭირო გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე. უკრაინა ამ ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის. რეალისტური წინადადებები მაგიდაზეა. მთავარია, სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ“, – დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.