“ზელენსკი რომში: “ომი უკრაინაში 2025 წელს დამთავრდება, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის მტკიცე გარანტიებით”-უცხოური პრესა

8
spot_img

“მართალია, აშშ-ში გრიგალ „მილტონის“ გამო ნატოს ლიდერების შეხვედრა რამშტაინში (გერმანია) გადაიდო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი ევროპული ვიზიტი გამოეყენებინა. უკრაინის ლიდერი თანახმაა, რომ ცეცხლი შეწყდეს ფრონტზე არსებული საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე გარანტიები“, – ნათქვამია იტალიური გაზეთის „კორიერე დელა სერას“ (Corriere della Sera) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ზელენსკი რომში: „ომი უკრაინაში 2025 წელს დამთავრდება, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის მტკიცე გარანტიებით“ (ავტორი – ფედერიკო ფუბინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ამ თვეში მეორედ ჩამოვიდა და ასევე მეორედ ხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის. უკრაინელი ლიდერი რომში სამშაბათს საღამოს ჩამოვიდა, როცა ნათელი გახდა, რომ გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე დაგეგმილი სამიტი, გრიგალ „მილტონის“ გამო, არ შედგებოდა. ამ სამიტზე უკრაინის დახმარებისა და გარანტიების საკითხი უნდა განხილულიყო. ბოლო მომენტში უკრაინის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ მაინც გამოეყენებინა შესაძლებლობა და პირადად შეეხსენებინა ევროპელი ლიდერებისთვის კიევისადმი დახმარების აუცილებლობა.
ვიზიტი დაიწყო ხორვატეთში გამგზავრებით, სადაც პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დუნროვნიკში გამართულ შეხვედრაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის შეხვდა, 10 ოქტომბერს რომში ჩამოვიდა და შეხვდა როგორც ჯორჯა მელონის, ასევე რომის პაპს ფრანცისკეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელი მოქმედება ასახავს მის რწმენას, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს: უკრაინა „სატირელ მდგომარეობაში“ არ უნდა დარჩეს და რომ ქვეყანა დაცული უნდა იყოს რუსეთის სამომავლო აგრესიისაგან. „ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში ჩვენ გვაქვს რეალური სანსი იმისა, რომ სიტუაცია გრძელვადიანი მშვიდობისა და მყარი სტაბილურობისათვის მოვამზადოთ“, – წერს ზელენსკი „იქს-ქსელში“, – „სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ჩვენ შეგვიძლია ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დავასრულოთ“.

რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები განმარტებას მოითხოვს – რატომ მაინცდამაინც ეს სამი თვე? როგორც ჟურნალი „გრანდ კონტინენტი“ აღნიშნავს, იმიტომ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის – სწორედ მიმდინარე წლის სექტემბერში დაკარგა უკრაინამ ყველაზე მეტი ტერიტორია ბოლო ორი წლის განმავლობაში – მოსკოვმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი მიწის 468 კვადრატული კილომეტრი.
უკრაინის ძალები ამ ეტაპზე საკმაოდ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რუსეთის ჯარებს რიცხოვნული რაოდენობითა და შეიარაღებით, დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ. რუსეთის კურსკის ოლქზე შეტევა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განახორციელა, არათანმიმდევრულობითა და არალოგიკურობით გამოირჩევა: ოპერაციის მიზანი ის იყო, რომ ეჩვენებინა როგორც ქვეყნის მოსახლეობისათვის, ისე მოკავშირეებისათვის აქტიურობა, აემაღლებინა მათი მორალური სული და განწყობა იმისათვის, რომ მეტი იარაღი მიეცათ კიევისათვის… მაგრამ ახლა სიტუაცია გაუარესებულია: უკრაინის ჯარების ელიტური ქვედანაყოფები კურსკის ოლქში გარკვეულად „ჩაკეტილ“ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – მიუხედავად იმისა, რომ დონბასში უკრაინის არმია უკან იხევს, კიევის აზრით, კურსკის ოლქიდან უკრაინული ნაწილების გამოყვანა არ შეიძლება, რადგან მათი ევაკუირება უფრო მეტი ზარალს გამოიწვევს. არადა, დონბასის დამცველებს ახლა სჭირდებათ ძალების შევსება და დახმარება.
ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად სურს დაარწმუნოს ევროპელები პოლიტიკურ დონეზე – მაგალითად, მან იცის, რომ ვერასოდეს ვერ იტყვის უარს რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე (რაც ძალზე არაპოპულარულია ნებისმიერი უკრაინელი პოლიტიკოსისთვისაც), მაგრამ იგი მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ, მაგრამ ამ ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ცეცხლის შეწყვეტის (დაზავების) აუცილებელი პირობაა დასავლეთის ვალდებულების არსებობა: პირველი – უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიები აშშ-ის მხრიდან, ანუ ისეთი გარანტიები, როგორებიც ვაშინგტონმა მისცა იაპონიას, სამხრეთ კორეას და ფილიპინებს; მეორე – რომისაგან, პარიზისაგან და ბერლინისაგან ვოლოდიმირ ზელენსკის სურს მიიღოს იმის დადასტურება, რომ უკრაინა სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი, რაც ქვეყნის აღმშენებლობის საფუძველი გახდება.

რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იქნება, რადგან ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, არ შეწყვეტს ტერიტორიების მიტაცებას და დამპყრობლურ ომს გააგრძელებს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 2025 წელს დაახლოებით 130 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება წლევანდელ 108 მილიარდ დოლართან შედარებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ 2024 წლის დამლევს რუსეთი ნავთობის ექსპორტისაგან 190 მილიარდ დოლარს მიიღებს – ბევრად უფრო მეტს, ვიდრე მოსკოვი ომამდე იღებდა. სანამ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები საგრძნობ ზემოქმედებას არ მოახდენს რუსეთზე და კრემლის სამხედრო მანქანას ძირს არ გამოუთხრის, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და ზავის დასადებად მიზეზები არ ექნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: