უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს 2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ ეს მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, პარტნიორებისგან დაფინანსების მიღებასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ფრონტის ხაზზე.
მანამდე “რესპუბლიკელმა” სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ომის მიუხედავად, უკრაინაში არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიან პერიოდში ქვეყანასში არჩევნების ჩატარება დაახლოებით 135 მილიონი დოლარი დაჯდა.
“არ ვიცი, ომის დროს რამდენია საჭირო. ამიტომ [სენატორ გრემს] ვუთხარი, რომ თუ აშშ და ევროპა ფინანსურ დახმარებას გაუწევენ, [მაშინ უკრაინა არჩევნებს გამართავს]”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს, პირველ რიგში ევროპას, მოუწევს 7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რადგან უკრაინას ასეთი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები არ აქვს, ხოლო ლტოლვილებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა არ შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში უკრაინაში არჩევნები ვერ ჩატარდება.