ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა -შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი იმ დროისთვის პროგრესული სახელმწიფოები იყვნენ არა მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო, არამედ იმით, თუ რა ფორმით მოხდა ეს.

„ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენთვისაც, ვინაიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. იმ მომენტში აზერბაიჯანიც და საქართველოც აღმოჩნდა პროგრესული, არა მხოლოდ იმით, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არამედ იმით, რა ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. აზერბაიჯანი იყო პირველი მუსლიმური ქვეყანა დემოკრატიული წყობილების, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც მაშინ პროგრესული სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენი წინაპრები იმ მომენტში არათუ მზად აღმოჩნდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ შექმნეს სახელმწიფოები, რომლებმაც შემდეგ, თითქმის 100 წლის თავზე, უკვე მეორე რესპუბლიკები წარმოშვა და ამ მემკვიდრეობაზე დგას ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა.

მე მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დამოუკიდებლობის დღე ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს. საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს და ამით პარლამენტებს შორის ისედაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მოვაქციეთ მემორანდუმის ჩარჩოში. გაწერილი გვაქვს სწორედ ამ თანამშრომლობის ინტენსივობა და მიხარია, რომ გამორჩეული მეგობრობა და თანამშრომლობა არის ჩვენს პარლამენტებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მიღება გამართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებს შალვა პაპუაშვილმა მიმართა.