
2024 წელს მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა გადამწყვეტი. როგორც კი ჩახედეს, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, ფარისევლობაა საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დღევანდელ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.
„ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე განცხადებებით, ისევ საკუთარ თავს იზიანებენ. როგორც წინა ჯერზე იყო ეს საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი – თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ თანხმობების პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას, ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და ისევ საკუთარი თავი დაიზიანეს. ახლა ამ განცხადებასაც ორი ნაწილი აქვს. პირველი შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და დამკვირვებლებს. ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით.
ეუთო/ოდირთან დაკავშირებით 2024 წელს ბევრი, მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩახედეს და შედეგი, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გვახსოვს პრესრელიზი, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი ეუთო/ოდირის დასკვნას. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ ფარისევლობა, არასერიოზულია სერიოზული სახით საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებების სახით ბრიტანეთის საელჩო მარტივ შეცდომებს უშვებს.
აქაც კიდევ ერთი მცდელობაა, თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან. აქაც ფეხში ისროლა. ბრიტანეთის საელჩოს სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი თუ უნდა, არ მგონია, ეს არის სფერო, რომელიც მათთვის მომგებიანია. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, როდესაც წინასაარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არჩევნებამდე ათი დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს, „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება იმისკენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ხმა ადამიანებს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლისა.
ეს არ იკმარა ბრიტანეთის საელჩომ და ახლა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე გადავიდა. მათ არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, ბრიტანეთის საელჩოს დარღვეული აქვს პრეამბულა, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას. ბრიტანეთის ელჩი როდესაც ჩაერია არჩევნებში, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია ჩადებული. ასევე ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის, სტაბილურობის გაძლიერებისკენ. როდესაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს. გარდა ამისა, ბრიტანეთმა დაარღვია ამ შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 მუხლები, სადაც საუბარია, რომ თანამშრომლობა არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის კორუფციული დანაშაულების.
იცით, რომ დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთში, ლონდონის კაფეებიდან ვხედავთ მის ფოტოებს. ზუსტად ეს გახლავთ, რომ კორუფციულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში მონაწილე ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემა ეს გახლავთ ზუსტად ამ შეთანხმების მე-16, მე-18 მუხლების დარღვევა. ასე რომ, თუ ბრიტანეთის საელჩოს სურს, ისაუბროს სამართლის დარღვევაზე, გარწმუნებთ, მათთვის საზიანო არის ეს დიალოგი, თუ პლატფორმა, ვინაიდან აუარება არის მუხლებისა, თუ კონვენციებისა, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო თუ ელჩი არღვევს. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე, როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.