ვფიქრობ, ნაწილობრივ ჩემთვის სამართალი აღსდგა, – ამის შესახებ სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისივე თქმით, სერჟანტ როინ შავაძის მკვლეობაში ბრალდებულთა, ათივე პირის, ვინაობა მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.
„ეს გვარები თავიდანვე იყო ცნობილი. მათ აღიარებითი ჩვენებაც ჰქონდათ, ასე გამოდის. მათ აღიარეს, რომ როინ შავაძე დახვრიტეს, მაგრამ არ უთქვამთ, ვისი ბრძანებით მოხდა ეს ყოველივე“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
მან ისაუბრა ასევე ისაუბრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც.
„ალბათ, თვეები და წლები არ მეყოფა, რომ ვისაუბრო იმ ჯოჯოხეთურ გზაზე, რაც ჩემმა ოჯახმა წინა ხელისუფლების დროს გამოიარა. რაც კი სიბინძურე იყო, ყველაფერი დაგვატყდა თავს, მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალი არასდროს დაგვიყრია. იმედი არასდროს დამიკარგავს და ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა და დადგინდება“, – დასძინა ციცინო შავაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღემდე ამ საქმის წარმოების პროცესში მას მხარში ედგა.
„უკლებლივ ყველას დიდი მადლობა, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა, ვინც საქმით იყო დაკავებული, ვინც სათანადოდ იძიებდა. ასევე, ყველა თქვენგანს, ყველა ჟურნალისტს, ვინც დღემდე გვერდით მედგა. არ შემიძლია, ყველა თქვენგანს მადლობა არ გითხრათ, გვერდით დგომისთვის. თუ თქვენ არ იქნებოდით, ის ტელევიზიები, რომლებიც ახმოვანებდა როინ შავაძის მკვლელობას, ალბათ, საზოგადოებაც ვერ გაიგებდა და მეც დაუცველი ვიქნებოდი. მე იმედიანად ვარ დღესაც და მწამს მართლმსაჯულების, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დიდი მადლობა ყველას, ვინც კიდევ ამაში წვლილს შეიტანს.
ერთადერთი თხოვნა მექნება მოსამართლის მიმართ. ძალიან გაუჭირდათ ბრალდებულთა დაკითხვა და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ამდენი წელი ვიბრძოდი. ძალიან ვთხოვდი, მათაც გაუძლონ ამ შანტაჟს – სხვა რა დავარქვა! დღესაც ამაყად ქადაგებენ იმას, რასაც ქადაგებდნენ ამდენი წლის განმავლობაში. თუმცა, მე მჯერა სამართლიანობის და ყველა ის პირი იქნება დაკავებული, ვინც აღიარა, რომ როინ შავაძეს ესროლა. ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება და ასევე ყველა ის დამკვეთიც, ვინც როინ შავაძის მკვლელობის საქმეშია გარეული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.