ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ – ფრანკ შვაბე საქართველოს ხელისუფლებას

82
spot_img

რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, – ასე მიმართა გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ფრანკ შვაბემ საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გზიდან გადაუხვია.

„არსებობდა გარკვეული იმედი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და შემიძლია განვაცხადო როგორც “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგის გზით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულება და ეს არ ეხება გეოპოლიტიკას. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი მეუბნებოდა : „თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ“. რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, თქვენ უნდა დაიცვათ ის. თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემები გვექნება და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. იანვარში ჩვენ ძალიან მკაფიო “მესიჯი” გამოგიგზავნეთ : გთხოვთ, დაბრუნდით. დაუბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგს და მოდით, ვიაროთ სწორი მიმართულებით ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპირისპირო მოხდა. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რადგან გჭირდებათ გარკვეული ახალი ლეგიტიმაცია, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნების დროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ძალადობის შესაჩერებლად და უნდა გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები“, – აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.