ზელენსკის ინტერვიუ იმ საკითხების დიდი ლუსტრაცია, რაც ბოლო სამ-ოთხ წელიწადში სამყარომ, ჩვენმა ქვეყანამ, უკრაინამ გამოიარეს. ამ ინტერვიუთი ბევრი რაღაც გაშიშვლდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ზელენსკი საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, ბუდაპეშტის მემორანდუმზე.
„თავის დროზე, უკრაინა იყო ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა და უსაფრთხოების სანაცვლოდ, მას დაათმობინეს ქვეყნის ერთ-ერთი მყარი გარანტი უსაფრთხოებისა და რეალურად უკრაინის უსაფრთხოება გაქრა. ბოლო წლების განმავლობაში, ისმის კითხვები, რატომ არ უჯერებთ დასავლეთს, რატომ არ ემორჩილებით, რატომ არ უწვდით ხელს. სხვათა შორის, ხელის გაწვდენას და ხელის ჩამორთმევას ჩვენ გვამუნათებდნენ მოქნეულ ხელზე. მერე ჩინეთის გამოწვდილ ხელს რატომ ართმევთო და მოქნეულ ხელს რატომ არ ართმევთო. ასეთი პარადოქსალური ნარატივები იყო ხოლმე, მაგრამ რატომ არ უჯერებთ, როგორც კი ვინმე იკითხავს – ვინც დაუჯერა და ვინც ენდო ამ ბოლო წლებში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბიუროკრატებს და ლიდერებს, მან რა მოიგო. ნახეთ, ხომ უკრაინაში? ზელენსკიმ დაუჯერა, იმოქმედა მათთან ერთად და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ არავის დავექვემდებარეთ, არავის დავუჯერეთ, დავუჯერეთ ქართველ ხალხს, მის დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო, საკუთარ ეკონომიკაზე გვეზრუნა, დამოუკიდებელი მოქმედებები განგვეხორციელებინა, რეალურ დემოკრატიაზე გვეზრუნა და რეალურ, ჭეშმარიტ, ქრისტიანულ, ტრადიციულ, ევროპულ ღირებულებებზე. ფიზიკურადაც გადავრჩით, ომიც არ გაჩაღდა ქვეყანაში და მეორე ფრონტად არ იქცა, ეკონომიკაც განვავითარეთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ. ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გავედით პირველ ადგილზე. ამ უდიდესი, რბილად რომ ვთქვათ, ტურბულენტობის პირობებში. ანუ ვისი მოქმედებაა უფრო სწორი, დაჯერება უფრო სწორი აღმოჩნდა, თუ არდაჯერება. ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ რასაც გვირჩევენ, აუცილებლად დავუჯერებთ. არავის დავალებებს არ შევასრულებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ვიქნებით ხისტები, როდესაც ეს იქნება ანტიქართული მითითება, დავალება, რეკომენდაცია თუ ა.შ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.