ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ვალდებულება, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება პოლონეთის საპრეზიდენტო კანდიდატი -მატეუშ მორავიეცკი

1
spot_img

პოლონეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი პარტიის ლიდერის, რაფალ ტრზასკოვსკის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის ურჩია, უკრაინის საქმეებზე იზრუნოს, პოლონელები კი თავად აირჩევენ პრეზიდენტს.

„მას აქვს უფლება და ვალდებულებაც კი, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ აქ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება კანდიდატი და ვის რა შეხედულებები აქვს ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მედიის ცნობით, პოლონეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღშფოთებული არიან ზელენსკის იმ განცხადების გამო, რომელიც მან ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, კაროლ ნავროცკის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს მიწვეული ნატო-სა და ევროკავშირში იქამდე, ვიდრე „ვოლინის“ საკითხი არ გადაწყდება. ამ განცხადების საპასუხოდ კი, ზელენსკიმ აღნიშნა – „თუ უკრაინა არ იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში, არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ ბატონმა ნავროცკიმ უკვე უნდა დაიწყოს ვარჯიში, რადგან შეიძლება, მას იარაღით მოუწიოს თავისი ქვეყნის დაცვა, თანამემამულეებთან ერთად“.