სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილებოდა ტრამპის ვიზიტი უკრაინაში, თუმცა კონკრეტულზე დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ნიკიფროვმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე.
„ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს, არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ პუტინის ქმედებების განმარტებას, გამართლებას. აქ, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ არსებობს. ის ჩვეულებრივი მკვლელია, პრეზიდენტმა სწორედ ასე თქვა სატელეფონო საუბრის დროსაც. მან უამბო ნიკოლაევზე დარტყმის შესახებ, რომლის დროსაც კვლავ დაიღუპნენ უკრაინელები. განიხილეს და დაგმეს კიევსა და „ოხმატდეტზე“ 8 ივლისს განხორციელებული დარტყმაც. ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, არ დავუჯეროთ „ფეიკნიუსს“, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება, შესაძლოა, რუსეთისთვის მომგებიანი იყოს. და ნამდვილად, ასე ვიტყვით: დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე. განხილულ იქნა დროის გარკვეული მონაკვეთი, თუ როდის უნდა შედგეს ეს შეხვედრა, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ამაზე უკვე იმუშავებენ გუნდები და შეათანხმებენ გრაფიკებს, დეტალებს, როდის იქნება ეს შესაძლებელი“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.
მანამდე სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე დაწერეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა.