უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება და პარალელურად, ამერიკელ კოლეგას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს. ინფორმაციაზე The Guardian წერს.
„შეწყვიტეთ დროის ფუჭად კარგვა“, – აცხადებს ზელენსკი და დასძენს, რომ „თუ პუტინი უარს იტყვის ჩემთან პირისპირ შეხვედრაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ომი გაგრძელდება და მშვიდობისკენ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ჩვენ სანქციებს ველით“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუმცა ჯერჯერობით, პირობის შესრულებას ვერ ახერხებს. „აშშ მზადაა „მსხვილი სანქციებისთვის“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი ყველა ქვეყანა დათანხმდება, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას და ჩინეთისთვის, კიდევ ერთი „მსხვილი იმპორტიორისთვის“ ტარიფების დაწესებას“, – თქვა ტრამპმა გასულ კვირას.
კიევში, ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა მოვლენების განვითარების ტემპისადმი. მისი განცხადებით, „პუტინზე ზეწოლის აშკარა შენელება შეინიშნება“.
„პრეზიდენტი ტრამპი ევროპისგან ძლიერ ქმედებებს ელის. ვფიქრობ, ჩვენ დროს ვკარგავთ, თუ სანქციები არ დაწესდება ან პრეზიდენტი ტრამპი რაიმე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.