ბრიტანულ გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინს მოულოდნელად პრობლემები უჩნდება? მოლაპარაკება თეთრ სახლში უკრაინის სასარგებლოდ“ (ავტორი – ჯეიკ უოლისი), რომელშიც განხილულია ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკების შედეგები – ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტს და მეორე მხრივ, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებს შორის.
როცა თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გამოვიდა, ის დღე მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე უარესი დღე იყო. ცხვირწინ თითის ტრიალი, დამცინავი ქირქილი ჩაცმულობის გამო და საბოლოოდ, სამარცხვინო გაძევება პირდაპირ ეთერში – ამ ყველაფერმა უკრაინის პრეზიდენტს ღრმა სულიერი ჭრილობა მიაყენა.
მაგრამ ამჯერად მას მოსამზადებლად დრო ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სურათი უკრაინისათვის მაინცდამაინც დიდად სასიხარულო არ არის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა საკმაო მოხერხებულობა გამოიჩინეს და, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის წინაშე პოზიციები აღიდგინეს, რომელიც სამუდამოდ დაკარგულად ჩანდა.
„ამის დაჯერება ნამდვილად არ შემიძლია“, – თქვა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს, როცა უკრაინის პრეზიდენტს მიესალმა თეთრი სახლის შესასვლელთან, – „აი, ეს უკვე მომწონს“. აშშ-ის პრეზიდენტის ფრაზა აშკარად ეხებოდა ზელენსკის ჩაცმულობას, რომლისთვისაც წინა შეხვედრა გაკვეთილი გამოდგა – ამჯერად იგი ვაშინგტონში სვიტერით კი არ ჩავიდა, არამედ ქურთუკით. მართალია, ჰალსტუხის გარეშე, მაგრამ მაინც.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი ევროპელი მოკავშირეების მაგალითზე, კარგად აითვისა პირფერობა, რაც დონალდ ტრამპს ესოდენ მოსწონს.
კიდევ ერთი თეატრალიზებული მოქმედება: ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი ცოლის – ელენას წერილს აძლევს დონალდ ტრამპს, პირველი ლედისათვის – მელანიასათვის გადასაცემად, რაც ერთგვარი მინიშნება იყო იმისა, როცა ალასკაზე დონალდ ტრამპმა თავისი ცოლის წერილი გადასცა პუტინს, ბაშვების დაცვის მოწოდებით.
„ეს წერილი თქვენთვის არ არის, არამედ თქვენი ცოლისთვის“, – თქვა უკრაინის ლიდერმა. ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაფიქრს ფსიქოლოგიური ხასიათი ჰქონდა და ისეთი სახით გაკეთდა, რომ პრეზიდენტზე შთაბეჭდილება მოეხდინა – იმ მიზნით, რომ იგი ქვეშეცნეულად თავისი უკრაინელი კოლეგის მიმართ პოზიტიურად განმსჭვალულიყო.
როგორც ჩანს, ხერხმა გაჭრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკელი ლიდერი, რომ გულწრფელად არის დაინტერესებული მშვიდობის დამყარებაში. შეიძლება ითქვას, რომ 18 აგვისტოს შეხვედრაზე ერთგვარი გარღვევაც მოხდა, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი: ტრამპმა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების მიზნით უკრაინაში შეიძლება აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფები იქნას შეყვანილი, „[ევროპა] თავდაცვის პირველი ხაზია – ისინი ხომ იქ არიან, მაგრამ ჩვენც ვემზადებით დასახმარებლად, ჩავებმებით პროცესში“, – თქვა მან.
ასეთი განცხადების გაკეთება წარმოუდგენელი იყო ტრამპის მეორე პრეზიდენტობის თავდაპირველ ეტაპზე, მაგრამ ის 18 აგვისტოს გაკეთდა. ეს ევროპული დიპლომატიის დიდი დამსახურებაა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რაც თეთრ სახლში სამიტს მოჰყვა. თავის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ დაიწყო მზადება ზელენსკ-პუტინის ერთმანეთთან შესახვედრად, რაც ევროპელი „ბიჭების“ კიდევ ერთი გამარჯვებაა. თუ შეხვედრა მართლაც მოხდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას აღიარებს, ანუ იმ ადამიანისას, რომლის პრეზიდენტობას უკანონოდ და ვადაგასულად თვლის.
და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ერთად? იმას, რომ თუ ალასკის 15 აგვისტოს სამიტი აშშ-ის პრეზიდენტის პრორუსულობის სამარცხვინო გამოვლენას წარმოადგენდა კრემლის ტირანის წინაშე, ვაშინგტონის 18 აგვისტოს სამიტი შეიძლება უკრაინის დიპლომატიურ წარმატებად ჩაითვალოს.
პუტინი პირველად აღმოჩნდა სერიოზული ზეწოლის ქვეშ. თუ იგი ასეთ მოქმედებას თავისი ბატონობის უფლების შელახვად ჩათვლის და სამომავლო მოლაპარაკებას ჩაშლის, მაშინ რაც მოუვა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. არ არის გამორიცხული, რომ თეთრმა სახლმა ისევ სანქციებს მიმართოს.
სისულელე იქნებოდა იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება შემდეგ, თუმცა ჩვენ თავი უნდა ვინუგეშოთ. მთავარი ისაა, რომ უკრაინის ლიდერის აზრით, საქმე ისე უიმედოდ აღარ არის, როგორც გასულ კვირაში ჩანდა. საკვირველების გაკეთება შეუძლია თურმე საველე ქურთუკს, ცოლის პირად წერილს და ენატკბილობას.
მოამზადა სიმონ კილაძემ