ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს რუსეთის საჰაერო სივრცეში „აზერბაიჯანის ავიახაზებთან“ დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა

6
spot_img

რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.

„აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.