რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ ალასკის სამიტზე განხილული სამშვიდობო წინადადების თანახმად, რუსეთი დათმობს ოკუპირებული უკრაინის მცირე ნაწილს, ხოლო კიევი – აღმოსავლეთის ტერიტორიებს, რომელთა დაკავებაც მოსკოვს არ შეუძლია, – ინფორმაციას Reuters-ი მოსკოვის გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება.
პუტინის ძირითადი მოთხოვნების თანახმად, უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს; რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს; მოსკოვი კიევს ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს; უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს.
ამასთან, პუტინი ითხოვს ყირიმის „სუვერენიტეტის“ ოფიციალურ აღიარებას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნას, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.