რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ პეკინში გამართული აღლუმის დროს მან და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ისაუბრეს.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს თემა ჩინეთის ლიდერმა წამოწია. ამავე თემას თავის დროს აქტიურად ავითარებდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. დიახ, თანამედროვე საშუალებები, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო საშუალებები, თუნდაც ქირურგიული, რომლებიც დაკავშირებულია ორგანოების ჩანაცვლებასთან, იძლევიან საშუალებას, კაცობრიობას ჰქონდეს იმედი, რომ აქტიური სიცოცხლე გაგრძელდება არა იმდენ ხანს, როგორც ეს დღესაა, და სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ასაკი სხვადასხვაა, არამედ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიმავალი სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი ბიოტექნოლოგიებზე, ორგანოების გადანერგვასა და 150 წლამდე სიცოცხლის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.