ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. ეს ადამიანი ამ ქვეყნის მტერია, მტერი, რომელსაც ახლა უნდა, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს. სწორედ მისი ქმედებები, მისი პერსონალური დამოკიდებულება საქართველოსთან, დემოკრატიასთან, კანონთან მიმართებაში არის იმის საწყისი, რის გამოც ევროპელი პარტნიორი ამ საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ სანქციებით არ დაკმაყოფილდება და ყველა დამნაშავე პირი, საერთაშორისო მექანიზმების დახმარებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გასამართლდება.
„აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე, როგორც ეს ნიდერლანდების მთავრობამ წამოიწყო, აქ საუბარია მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ბიძინა ივანიშვილმა კონსტიტუციური ჩარჩოდან გაიყვანა მთლიანად ქვეყანა და უნდა, რომ ერთპიროვნულად, ავტორიტარულად მართავდეს ქვეყანას. ინდივიდუალური სანქციები და გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საფრთხე გაცილებით დიდია, რომ მთლიანად შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია. ეს ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან ჭირსაც წაუღიათ, ვერც ისინი და ვერც მათი ოჯახის წევრები ევროპის ქალაქებში თქვენი ფულით საშოპინგოდ ვეღარ ივლიან. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს საფრთხე საზოგადოებას ავარიდოთ.
ეს არის პირდაპირი დამოკიდებულება ბრუტალურ ძალადობაზე, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებსა და არჩევნების შედეგების გადაწერაზე, რა თქმა უნდა, ყველა ის ვინც დანაშაულს ჩადის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა საერთაშორისო მექანიზმების დახმარებით, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, არავის ეგონოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ სანქციებით დაკმაყოფილდება. საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში არ იქნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.