შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, იშვიათია დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანულსაც კი უწოდებს, რომ ადამიანები პირველად ეძიებდნენ სასუფეველს და მერე – ამ დანარჩენს და, პირიქით, რა ხშირია, როდესაც ადამიანებს იპყრობს სული, რომელიც ნამდვილ ღირებულებებს ყალბი ღირებულებებით ანაცვლებს.
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან, როგორ განკურნა უფალმა იესო ქრისტემ ორი ღადარინელი ეშმაკეული და შემდეგ იმ ქალაქის მაცხოვრებლები როგორ სთხოვდნენ უფალს, გასცლოდა მათ საზღვრებს, წასულიყო მათგან. „წადი ჩვენგან, არ გვინდა, რომ შენ აქ იყო“, – უთხრეს მათ. მსგავსი სიტყვებით უფლისთვის ადრეც მიუმართავთ. ეს სიტყვები წარმოთქვა პეტრე მოციქულმა მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ თევზჭერის სასწაული მოახდინა. თქვენ გახსოვთ ეს ეპიზოდი. მაშინ პეტრე მოციქული განიმსჭვალა დიდი მოწიწებით, სიმდაბლით, თავისი ცოდვების განცდით, უფლისა და მისი სიწმინდისადმი მოწიწებით და ასეთი სიტყვები უთხრა: „წადი ჩემგან, უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ შენ ჩემთან იდგე, ჩემთან ერთად იყო, რადგან მე კაცი ცოდვილი ვარ“. ღადარინელებმა კი იმ სასწაულის წინაშე, რომელიც მათ თვალწინ მოხდა, ეს სიტყვები წარმოთქვეს არც მოწიწებით, არც სიმდაბლით, არამედ სულ სხვა განზრახვით. როდესაც უფალმა ეს ორი ეშმაკეული განკურნა და მათგან გამოსული ეშმაკები ღორების კოლტში შევიდნენ, ღადარინელებმა დაინახეს, რომ მათი ღორები ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიხოცნენ. მაშინ მათ წინაშე დადგა ასეთი, რა თქმა უნდა, ყალბი, მაგრამ მათთვის სერიოზული საკითხი: ან იესო ქრისტე თავისი საღვთო ძალით და სიკეთით, ან მათი ღორები, რომლებშიც შევიდნენ ეშმაკები. აქ, რა თქმა უნდა, ასევე იყო მათ მიერ ამ დიდი სიწმინდის მიუღებლობის სურვილი; ისინი ფიქრობდნენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ქრისტეს მიერ გამოვლენილ ძალას, რა დამოკიდებულება ექნება იმ მატერიალური ფასეულობებისადმი, რომლებიც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასია. ეს ღორების კოლტი ჩვენი არსებობის საშუალება, შემოსავლის წყარო იყო, ის აღარ არის, დაიღუპა. მართალია, ქრისტემ ეს ორი ეშმაკეული განკურნა, გადაარჩინა და დიდი სასწაული მოხდა, მაგრამ ღირდა კი ორი ადამიანის შველა იმად, რომ მთელი ჩვენი ქალაქის ღორების კოლტი დაღუპულიყო? ადამიანი არ არის ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი. დიახ, ეს ორი ავადმყოფი დიდ ზიანს გვაყენებდა (თქვენ გახსოვთ, როგორი მძვინვარებდნენ ისინი, ადამიანები ვერც კი ბედავდნენ იმ არემარეში გავლას), მაგრამ ჩვენ როგორმე ავიტანდით მათ ამ ავადმყოფობას, როგორმე თავს დავიცავდით მათგან და ამ ჩვენს ღორებსაც გადავარჩენდით და შევინარჩუნებდით, ახლა კი, ქრისტეს წყალობით, ეს ღორები დაკარგულიაო. და აი, მათ აირჩიეს ქრისტეს გარეშე ცხოვრება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ სიკეთეების გარეშე ცხოვრება, რომელთაც იქმს ღმერთის ძალა დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, მათე მახარებელი ასე ასრულებს ამ ეპიზოდს, რომ მთელი ქალაქი გამოვიდა ქრისტეს შესახვედრად და ევედრებოდა, გასცლოდა მათ საზღვრებს. მთელი ქალაქი გამოვიდა, უხეშად კი არ გააძევეს, არამედ ასე ზრდილობიანად ევედრებოდნენ, უფალო, წადი ჩვენგანო, იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ ამ უფრო დიდი ძალის, ვიდრე ის საშინელი ორი ეშმაკეული იყო.
ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ განვიკითხავთ ხოლმე ამ ღადარინელებს, მაგრამ უფრო გვგონია, რომ განვიკითხავთ, ვინაიდან სინამდვილეში უფრო ხშირად ვემსგავსებით მათ, იმიტომ რომ თანამედროვე საზოგადოებაშიც მრავალი ადამიანის წინაშე დგას იგივე საკითხი – რა უფრო ღირებულია, ის, რაც მაძლევს შემოსავალს, თუ უფლის მადლი, ცათა სასუფეველი და რაღაც სულიერი ღირებულებები? აი, თუნდაც, მაგალითად, ის, რომ ადამიანი დავაყენოთ პირველ ადგილზე და მას მივანიჭოთ უპირატესობა. ეს არის საშინელი სული, რომელიც ანადგურებს ყოველგვარ სულიერ ფასეულობებს და რომელმაც განდევნა და დევნის ქრისტეს. საბოლოო ჯამში, ადამიანის ცხოვრება გადაიქცევა ხოლმე ამ ღორებზე ზრუნვად. ყველა ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ასეთი ღორი, ან რამდენიმე ღორი, ან ღორების კოლტი, რომელზეც ყველაზე მეტად ზრუნავს და დაჰფოფინებს თავის სიცოცხლეში. ამრიგად, ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ბატონობს ამ ღადარინელთა სული, რომელიც, ვიმეორებ, დევნის იესო ქრისტეს. ამ დროს უფალი არასოდეს აკლებდა ადამიანს მატერიალურ სიკეთეს. ხომ გვითხრა: „პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33). აუცილებლად შეგვემატება. ეს არის მითითება უფლისა, თუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენ, ადამიანებმა; მაგრამ, სამწუხაროდ, რა იშვიათია დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანულსაც კი უწოდებს, რომ ადამიანები პირველად ეძიებდნენ სასუფეველს და მერე – ამ ყველაფერ დანარჩენს. და, პირიქით, რა ხშირია, როდესაც ადამიანებს იპყრობს ამ ღადარინელთა სული, რომელიც ნამდვილ ღირებულებებს ყალბი ღირებულებებით ანაცვლებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.
შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს, ამინ.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ილოცება სიბოშვილების გვარი. ღმერთმა დაგლოცოთ და გამრავლოთ და გაგახაროთ”,- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.