ვიცით, კულისებშიც სალომე ზურაბიშვილზე მძიმე ზეწოლაა, რათა ადგეს და გამოაცხადოს არჩევნები – მამუკა მდინარაძე

7
spot_img

თუ სალომე ზურაბიშვილი დანაშაულს ჩაიდენს, ერთადერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პასუხისმგებლობას ასცდეს, თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ იქნება შესაბამისი. ამ შემთხვევაში გისოსებში არ აღმოჩნდება და აღმოჩნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, არასერიოზულია ამაზე საუბარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„მინდა შევუერთდე ირაკლი კობახიძის „მუქარას“ და თქვენ, ჟურნალისტს დაგემუქროთ, რომ თუ დააპირებთ და ჩაიდენთ დანაშაულს, აუცილებლად გემუქრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და აუცილებლად იმოქმედებენ ქართველი სამართალდამცავები ამასთან დაკავშირებით. ამ აბსურდზე მიდის ლაპარაკი. თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს, რაც მათ შორის გამოიხატება სხვადასხვა მუხლებში, პირობითად: სამსახურებრივ უფლებამოსილებას გამოიყენებს ბოროტად, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეცდება საბოტაჟირებას და ა.შ. არაერთი კვალიფიკაციაა სისხლის სამართლის კოდექსში. ვიცით, კულისებშიც მასზე მძიმე ზეწოლაა, რათა ადგეს და გამოაცხადოს არჩევნები, რისი უფლებამოსილებაც იმიტომ არ აქვს, რომ ამის საფუძველი არ გააჩნია, ასეთს სჭირდება კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი. მისი ხელმოწერით ხდება პრეზიდენტის დანიშვნა… დანიშნოს ნიკა გვარამია ან თენგო. ასე თუ უნდა იკითხოს ვიღაცამ კანონი… მთავარსარდალიცაა და გამოიყვანოს ჯარი, ან პირდაპირ, რატომ წვალობს, მოაშოროს ეს მოცემულობები და ადგეს, ჯარი გამოიყვანოს, დანიშნოს პრემიერი, რად უნდა არჩევნები. თუ ასე არაფერი არაფერს ნიშნავს კანონებსა და კონსტიტუციაში, დანიშნოს პრემიერი და ითამაშონ სახლობანა. თუ სალომე ზურაბიშვილი დანაშაულს ჩაიდენს, რა ნიშნებიცაა იმაზე დაყრდნობით, ერთადერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პასუხისმგებლობას ასცდეს, თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ იქნება შესაბამისი და ექსპერტიზა დაადგენს, რომ არ იყო ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობაში, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების საზოგადოებრივი და სისხლის სამართლებრივად საშიში ხასიათი. ასე შეიძლება ასცდეს პასუხისმგებლობას. გისოსებში არ აღმოჩნდება ამ შემთხვევაში და აღმოჩნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, არასერიოზულია ამაზე საუბარი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.