ვიცი, რამდენად რთულია მუნიციპალური არჩევნები, ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის -გიორგი გახარია

31
spot_img

ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.

გახარიას შეფასებით, უკეთესია, თუ უფრო ადრე იქნება საპარლამენტო არჩევნები.

„ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის აუცილებლობა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და რადიკალიზაცია არ ღრმავდებოდეს. მე თუ მკითხავთ, „ოცნება“ არის პირველ რიგში, დაინტერესებული იმაში, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს, რადგან „ოცნება“ იძახის, რომ ოპოზიცია განადგურებულია და მაინც ყველაფერს მოვიგებთ. ოპოზიცია ამბობს, ჩვენ მოვიგებთო. აი რა პრობლემაა ხომ? რაც შეეხება ერთდროულად საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას, ჩემი პოზიცია არის შემდეგი – საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში არის აუცილებელი. ვისურვებდი, რომ ჩატარდეს უფრო ადრე. მე გამოვლილი მაქვს ეს არჩევნები და ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, ეს არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის. ამიტომ, დამთხვევა რამდენად სწორია, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ალბათ ეს გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, გახარიას თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. გახარიას განმარტებით, დღეს არიან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში.

„უადგილო ადგილას ღელავენ ხოლმე. ხელისუფლებაც – მაისამდე შევლენ, ან მაისამდე გამოაცხადებენ, არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე. ოპოზიციაც – ხომ გახსოვთ, „ნაცები“ ამბობდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ და გახარია აუცილებლად მისცემენ ლეგიტიმაციას „ოცნებას“ და პარლამენტში შევლენ. შევედით? არ შევედით. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ არ ვცვლით ასე 180 გრადუსით მიდგომებს. ამიტომ ვამბობ, რომ მანდატებთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტში, მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ვართ ბოიკოტში, არ შევდივართ. რაღაც თუ შეიცვალა, ჩვენ ხომ არ ვართ ის ძალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის არ ვეპარებით, უჩუმრად არაფერს არ ვაკეთებთ, სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი უნდა იყოს  საქართველოში მთავარი პრობლემის, რადიკალიზაციის დაძლევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, გლობალური თამაშის წესები იცვლება. მაგალითად, დღეს წავიკითხე განცხადებები ვეიმარის ტრიოს განცხადებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ასე უპასუხო მთავარი წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების წერილს, რომელ სახელმწიფოთა გაერთიანებაშიც ამბობ, რომ შესვლა გინდა. ხომ არსებობს ტელეფონი, უნდა არსებობდეს საელჩოები, არსებობს დახურული ხაზები, როცა თვითონ უნდათ, გამოვლენ და იტყვიან, რომ ვიღაც მოვიდა და ომში გვითრევდაო, ახლა ამ ინფორმაციის მარტო 20 პროცენტს გეტყვითო, მეტი რომ გითხრათ, გაგიჟდებითო. როცა საჭიროა, დახურულ ხაზებს თურმე იყენებენ. მე ვფიქრობ, რომ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რადიკალიზაცია როგორმე შევამციროთ. ამას ვცდილობთ მანდატების არგაუქმებითაც, იმითაც, რასაც ვამბობთ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, იმითაც, რასაც ვამბობთ მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანებზე ზრუნვა არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.