“ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი” – ნიკო კვარაცხელიას დედა

254
spot_img

ორი სულგაყიდული ახალგაზრდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ვითხოვ პასუხს – ვინ და რატომ მომიკლა შვილი… მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში! – ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს.

როგორც ომაძე აღნიშნავს, გამოძიებას მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდა, შესაბამისად, ის ახლა შედეგს ელოდება.

„მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით( ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ). ამას რომ შემიცოდოთ, იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები. ევროპის ნაწილი კი არა მალე რუკაზე არ დავრჩებით, როგორც ქვეყანა. ყველამ იცის რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ახლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და რვა თვეა, არ გამოუძიებიათ, ორი სულგაყიდული ახალგაზრდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ჩემი შვილი არის პირველი ქართული სოციალური მედია პლატფორმის – „ფიდსის“ შემქმნელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, ვითხოვ პასუხს – ვინ და რატომ მომიკლა შვილი…

საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!

მზად ვარ თითოეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე გასისხლული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა, რომ იგივე ბედი ელით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!

გუშინ ერთ-ერთი „ფეისბუქ” მომხმარებელი წერდა და მახსენებდა ბრიუსელში მომხდარი ახალგაზრდის მკვლელობას. დიახ, მაშინ მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე მის დასაცავად, სანამ იგივე განმეორებულა ჩვენს ქვეყანაში, ველოდები რეაგირებას და თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ვისაც შეუძლია მას ვანდოთ ეს საქმე!

მესმის, რომ სისტემამ სინდისის და კუჭის ძარღვი ძალიან „მიაჭეჭყა” ერთმანეთს, მესმის, შიში სამსახურის დაკარგვისა, მაგრამ ადამიანი სინდისია მერწმუნეთ და თქვით ადამიანებო სიმართლე, ვინც მკვლელი კაველაძის დაკითხვას შეესწარით! გამოაჩინეთ მისი დაკითხვის ოქმი!“ – წერს ომაძე.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თუმცა, გამოძიება მკვლელობის შესაძლო დამკვეთების მიმართულებით ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.