“ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს” – ირაკლი ზარქუა

90
spot_img

ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, – ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

მისივე თქმით, საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს აშშ-ის იუსტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ამიტომ ეს საკითხი, ” იქ არკვიონ ერთმანეთში.”

“მე ასე ვიტყოდი, რომ ცრუ და უპასუხისმგებლოა, რა განცხადებაც ამ თემაზე საელჩომ გააკეთა და მე ვისურვებდი, ტონი ყოველთვის შეარჩიონ ხოლმე, როცა საქართველოს მთავრობასთან აქვთ ურთიერთობა, მითუმეტეს, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, რადგან “ფარას” დოკუმენტში ეწერა. “ფარას” დოკუმენტში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში და თემაში. თუ რაიმე კითხვები აქვთ, საელჩოს ან ვინმეს, მიმართონ კოლეგებს თეთრ სახლში, თუ “ფარას” ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?! შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი. ესაა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. ასე რომ, არავის მივცემთ უფლებას, უსაფუძვლოდ ამ ტონალობაში გველაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი იქნება გაწონასწორებული, სამართლიანი, ობიექტური და ქართველი ხალხის მეგობარი, არა კონკრეტული პარტიის, ოპოზიციონერი ხელმოცარულების, არამედ საქართველოს მეგობარი,” – განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ “დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.

განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ “მავნებლური ინფორმაცია”, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, “ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.