ვიქტორი ორბანი, ჩეხეთის ყოფილ პრემიერი და ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ევროპარლამენტში ჯგუფს ქმნიან

12
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.

Telex-ის ინფორმაციით, ორბანმა, კიკლმა და ბაბიშმა შესაბამისი განცხადება ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ გააფორმეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 ივნისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ახალი ერა იწყება“.

„ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში. ახლა თქვენს წინაშე სხედან ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხეთის უძლიერესი მემარჯვენე ძალები“, – აღნიშნა ორბანმა.