ვიქტორ ორბანი საქართველოში: „როცა არჩევნებში იმარჯვებენ კონსერვატორები, [ბრიუსელელი ნეოლიბერალები] დემოკრატიას ეჭვის ქვეშ აყენებენ – Hungarian Conservative

6
spot_img

ჟურნალ „უნგრელი კონსერვატორის“ (Hungarian Conservative) ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვიქტორ ორბანი საქართველოში: „როცა არჩევნებში იმარჯვებენ კონსერვატორები, [ბრიუსელელი ნეოლიბერალები] დემოკრატიას ეჭვის ქვეშ აყენებენ“ (ავტორი – ლილი ზემპლენი).

ვრცელ პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ერთმანეთთან არის შედარებული მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიღებული ხმების რაოდენობა. ავტორი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების ოფიციალრად გამოცხადებულ შედეგებს და ანტისამთავრობო დემონსტრაციებს აწყობს. ამ ფონზე ფართოდ არის გაშუქებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს ჩამოვიდა თბილისში და ქვეყნის ხელმძღვანელებს შეხვდა. სტატიაში ხაზგასმულია უნგრელი პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: „ლიბერალები თუ იმარჯვებენ, ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატია, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„ბევრმა ვიქტორ ორბანის ყოფნა პატარა კავკასიურ სახელმწიფოში სოლიდარობის ვიზიტად შეაფასა, რადგან ცნობილია, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. თუმცა მისი ვიზიტი უფრო მეტს ნიშნავს: ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის წევრად მიღებას და მაღალ დონეზე აფასებს მთავრობის მცდელობას ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისით. ვიქტორ ორბანი ასევე დაინტერესებულია ამბიციური პროექტის – ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაში კავკასიიდან ევროპაში – რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და რომელიც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგია მიიღონ.

უნგრეთსა და საქართველოს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს საკმაო ხნის ისტორია აქვს. რამდენიმე წელია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის პრემიერ-მინისტრები ბუდაპეშტში გამართული ტრადიციული „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციებში იღებენ მონაწილეობას.

რატომ თვლის ბრიუსელი საქართველოს ევროკავშირისათვის „უღირს ქვეყნად“

ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლურ და კერძოდ, ევროპულ პრესაში ბევრი ნეგატიური ნეგატიური შეფასება დაიმსახურა იმის გამო, რომ მმართველი პარტია იცავს ქვეყნის ერთგულებას ქრისტიანული რელიგიისადმი და სოციალურად კონსერვატიულ პოლიტიკურ კურსს ატარებს. სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი „ლგბტ“ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს აგრეთვე იმის გამოც, რომ ხელისუფლება უცხოური ჩარევისა და გავლენის წინააღმდეგ გამოდის, ამიტომაც საქართველოს ბრიუსელი ევროკავშირისათვის „უღირს ქვეყნად“ მიიჩნევს – ამას წინათ მისი, როგორც კანდიდატი ქვეყნის წევრად მიღების პროცესი შეაჩერა. თავის მხრივ, საქართველო არ ცვლის მიზანს და 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრად მიღებას გეგმავს.

თუ რატომ არის საქართველო დასავლეთის კრიტიკის ეპიცენტრში, ამაში რუსეთ-უკრაინის ომიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თბილისი აქცენტირებს პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებაზე და უარს აცხადებს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე. მმართველი პარტიის დამაარსებელს, წარმატებულ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩაბმას, რომელსაც ოპოზიცია – „გლობალური ომის პარტიის“  მხარდამჭერი – ითხოვს მთავრობისაგან.

დასავლურ მეინსტრიმს აყოლილი ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამოც აკრიტიკებს, მაგრამ ეს გადაჭარბებულია: კრემლისადმი დაქვემდებარება არაპოპულარული იდეაა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც კარგად ახსოვს 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგები. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს ყველა მეზობლის, მათ შორის რუსეთის მიმართაც. საქართველო-რუსეთის კავშირები უმთავრესად ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიხატება (ვაჭრობაში, ტურიზმში, სახმელეთო და ავიამიმოსვლაში), პოლიტიკურ-დიპლომატიური კი გაწყვეტილია“.

წყარო