ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს

11
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს. მისივე თქმით, ის აპირებს, წამოწიოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების იდეა.

ამის შესახებ ორბანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ის, რაც ზელენსკიმ გუშინ უკრაინის პარლამენტში წარადგინა, შეუძლებელია, არ იწვევდეს შიშს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს საკუთარ ცუდად ორგანიზებულ, ცუდად განხორციელებულ, ცუდად გათვლილ სტრატეგიას უკრაინის მიმართ.

„ეს არ ნიშნავს მეტ ომს, მეტ სახიფათო იარაღს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, არამედ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ომის სტრატეგიიდან მშვიდობის სტრატეგიაზე. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – წერს ორბანი.

ვიქტორ ორბანის თქმით, მას სურს, მთელი ევროკავშირის სახელით მოუწოდოს გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მოლაპარაკებები რუსებთან, რათა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელი გახდეს.