დღეს, 17 სექტემბერს, სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა.
სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში. 1923-26 წლებში სთბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე”).1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.
1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
***
სესილია თაყაიშვილის მშობლები მსახიობები არ ყოფილან, მაგრამ მამამისი დიმიტრი თაყაიშვილი თეატრის დიდი მოყვარული იყო. ლექსებსაც წერდა და მის ოჯახში მუდამ იკრიბებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარჩინებული წარმომადგენლები. პატარა სესილია ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა მათთან მისულ სტუმრებს, შემდეგ სარკესთან დგებოდა და ცდილობდა მათთვის მიებაძა.
მომავალი მსახიობი პირველად 7 წლის ასაკში დადგა სცენაზე. ელო ანდრონიკაშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენაში ,,ყვავილთა შორის” სესილია ერთ-ერთ ყვავილთს თამაშობდა.
საცხოვრებლად თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ის ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს, მერვე კლასში კი აკაკი ფაღავას მიერ გახსნილ თეატრალური სტუდიაში პირველივე წელს ჩაირიცხა. სესილიას ოცნება აუხდა და კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე გახდა.
***
მსახიობი ბოლომდე შედიოდა როლში და ანტრაქტის დროსაც კი საკუთარ როლს განასახიერებდა. ,,როცა მათხოვარს თამაშობ უნდა გჯეროდეს, რომ მათხოვარი ხარ, ხოლო როცა ინგლისის დედოფალს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ დედოფალი ხარ,” – ამბობდა სესილია თაყაიშვილი.
ერთ-ერთ სპექტაკლში სესილია თაყაიშვილი ღარიბ ქალ თამაშობდა, რომელიც ერთ-ერთ სცენაში სუნელს ნაყავდა. მსახიობმა ქვასანაყში ნამდვილი სურნელი ჩანაყა, რაც თეატრში არ ხდება ხოლმე. შესვენების დროს ქვასანაყით ხელში მდგარ სესილიას რეჟისორი ლილი იოსელიანი მიუახლოვდა, რომელსაც ხელში ფრანგული სუნამო ეჭირა: ,,მოაშორეთ ეს სუნამო, ნუ მაბნევთ, ჩემს გმირს ეს სუნი არასდროს შეუგრძვნია,” – ასე უთქვამს სესილიას.
სესილია თაყაიშვილი იმითაც გამოიჩეოდა, რომ იგი უნაკლოდ აკეთებდა გრიმს. ვერიკო ანჯაფარიძე მუდამ აღნიშნავდა, რომ სესილია არაჩვეულებრივად უკეთებდა გრიმს, რაც თვითონ ნამდვილად ვერ გამოსდიოდა. იმ დროისთვის საგნადაც კი ისწავლებოდა ,,გრიმის ხელოვნება”, რაც სესილიას ნასწავლი ჰქონდა. მისი მასწავლებელი საიმპერატორო თეატრის მსახიობი კრუჩინინი იყო.
***
მას ბევრი რამის დათმობა შეეძლო როლის გამო. ,,მე ბებია ილიკო და ილარიონში” 70 წლის ოლღა ბებია სესილია თაყაიშვილმა 55 წლის ასაკში ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მან წინა საღი კბილები ამოიღო და უფრო მეტად დაემსგავსა 70 წლის ბებიას.
ბებიის როლი სესილია თაყაიშვილმა პირველად კინო-ფილმ ,,მანანაში” ითამაშა, რასაც მოყვა ,,თოჯინები იცინიან”, ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი”, ,,ნატვრის ხე”… ამის გამო მას “XX საუკუნის ბებია” უწოდეს.
***
სესილია თაყაიშვილი ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის “პინკ ფლოიდის” კლიპშიც მოხვდა. როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილიას მიერ განსახიერებული როლები ნახა, თქვა: “ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო“.
ვიდეორგოლში ქართველი მსახიობის მოხვედრასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს და ყველა მათგანი ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის როჯერ უოტერსის სახელთან არის დაკავშირებული.
პირველი ვერსიით, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის მოხვდა სესილია თაყაიშვილიც მაგრამ არა როგორც ქართველი, არამედ როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და ჯგუფის ვიდეორგოლში მისი ფოტო ჩაუსვამს.
მეორე ვერსიით, როდესაც როჯერსს თენგიზ აბულაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, ემოციებისგან ცრემლი ვერ შეუკავებია და ფილმის ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.
1980 წელს “პინკ ფლოიდი” საკონცერტოდ ლენინგრადში უნდა ჩასულიყო. კრემლმა გადაწყვიტა, ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და არჩევანი ალა პუგაჩოვაზე შეაჩერა, მაგრამ უოტერსს, თურმე, სესილიასთან შეხვედრა უთხოვია.
***
სესილია თაყაიშვილმა თავისი ცხოვრება ვასო გოძიაშვილს დაუკავშირა. მათ ერთმანეთი მარჯანიშვილის თეატრში გაიცნეს, სადაც ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად ცხოვრება გადაწყვეტეს. წყვილს ერთი შვილი, ბიჭი ეყოლა და მას დათო დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი სიყვარულით დაქორწინდნენ, მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. 3 წელიწადში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ვასო გოძიაშვილმა კიდევ რამდენჯერმე შექმნა ოჯახი, სესილია კი აღარ გათხოვილა და მთელი თავისი ცხოვრება ერთადერთ შვილს მიუძღვნა.
***
როდესაც მარჯანიშვილის თეატრში ძველ და ახალ თაობას შორის დაპირისპირება მოხდა, მსახიობმა თეატრს თავი დაანება და მხოლოდ კინოში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. ორივე მხარე სთხოვდა სესილიას მათთან ემუშავა, მაგრამ ის მტკიცე უარზე დადგა და მისი გადარწმუნება ვეღარავინ შეძლო.
***
სესილია თაყაიშვილის ბოლო ნამუშევარია ელდარ შენგელაიას ფილმი “ცისფერი მთები”, სადაც მან ბუღალტერი თამარის როლი შეასრულა. რეჟისორს ყველაზე მეტად სწორედ მისი დათანხმება გაუჭირდა.
როცა ელდარ შენგელაია მასთან მივიდა და სცენარი მიუტანა, სესილიამ ფილმში მონაწილეობაზე სასტიკი უარი თქვა, მაგრამ რეჟისორმა მას სცენარი დაუტოვა და დაემშვიდობა. ორ დღეში კი მსახიობმა რეჟისორს დაურეკა და თავისთან დაიბარა. როცა სესილიამ კარი გააღო, ელდარ შენგელაიას წინაშე ზუსტად ისე გამოწყობილი იდგა, როგორიც ფილმშია გადღებული. ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მსახიობი გარდაიცვალა.
***
გარდაცვალებამდე კი სესილია თაყაიშვილმა კიდევ ერთხელ გააოცა ახლობლები თავისი უბრალოებით და თავმდაბლობით. მას თავის ოთახში დედის სურათი ეკიდა, როცა დედასთან საუბარი მოენატრებოდა, მას წერილებს წერდა და სურათის უკან ინახავდა. დედის სურათის უკან ჰქონდა შენახული თავისი ანდერძიც:
“ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.
დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.
რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”