უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ფრონტზე მებრძოლი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს ზურგის ქალაქებში არსებული ვითარება განიხილა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„კიდევ ერთი რამ ითქვა დღეს სხვადასხვა ბრიგადაში. ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან, რომლებიც ზურგის ქალაქებში მიდიან, იმსახურებენ იმას, რომ დაინახონ და იგრძნონ, რომ ეს არის ზურგის ქალაქები, რომ ხალხს იქ ახსოვს, რომ ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცები აქ არიან და იბრძვიან უკრაინისთვის, სიცოცხლეს წირავენ უკრაინისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე ვიღაც კი არ იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ ეს არის ყველას საერთო ეროვნული საქმე, ვინც იბრძვის და მუშაობს გამარჯვებისთვის.
“უკრაინა ომშია. ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში. და არა ბარებში, არა კლუბებში, არამედ საკმაოდ კონკრეტული დახმარება ჯარისკაცებისთვის. ეს არის მინიმუმი. ქვეყნის მთელი ადრენალინი, ქვეყნის ყველა ემოცია, ქვეყნის მთელი ძალები იქ უნდა იყოს – ბრძოლებში სახელმწიფოსთვის. უკრაინისთვის – ეს არის მთავარი პრინციპი. სხვა რამის გულისთვის ან საკუთარი თავისთვის – ეს იქნება მოგვიანებით, როცა გავიმარჯვებთ. ახლა დაცვაა. ახლა ომია”, – დაასკვნა მან.