
დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. ტრამპი მასკს ამერიკაში ყველაზე ჭკვიან ადამიანად მოიხსენიებდა, მაგრამ ბოლო პრესკონფერენციაზე თავის ყოფილ მოკავშირეს შეშლილი უწოდა.
რამ გამოიწვია ტრამპისა და მასკის ერთმანეთთან ღია დაპირისპირება? ერთი შეხედვით, უთანხმოების შემთხვევაშიც კი, ორივესთვის სასარგებლო იქნებოდა თანამშრომლობის მშვიდობიანად დასრულება. ტრამპს საკმარისი შესაძლებლობები აქვს მასკის ბიზნესზე ზეწოლისთვის. თავის მხრივ, მასკის მედია და ფინანსური რესურსები საშუალებას აძლევს მას ტრამპს დიდი პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მასკმა და ტრამპმა ღია კონფლიქტის სცენარი აირჩიეს და ამას რამდენიმე ახსნა აქვს.
ორივე კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტრამპმა ფაქტობრივად წააგო სავაჭრო ომები. მისი საგარეო პოლიტიკური პროექტებიც ჩავარდა: უკრაინასა და ღაზას სექტორში მშვიდობა ვერ იქნა მიღწეული; ირანი არ ეთანხმება ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას. იმისათვის, რომ ამომრჩევლების ყურადღება გადაიტანოს, ტრამპს ხმამაღალი სკანდალი სჭირდება.
მასკი ასევე დაინტერესებულია აუდიტორიის მანიპულაციითა და ინვესტორების ყურადღების გადატანით. ილონ მასკმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში დიდი თანხები ჩადო. მასკი სამთავრობო ხარჯების ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და სამთავრობო ხარჯების მკვეთრად შემცირება დაიწყო. მასკის საქმიანობამ ამერიკელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. Tesla-ს ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად დაეცა. მასკის ბიზნეს იმპერია კრახს მიუახლოვდა.
მასკი არა მხოლოდ ნიჭიერი ინჟინერია, არამედ PR-ის ოსტატიც. რთულ სიტუაციებში მასკმა იცის, როგორ შექმნას სკანდალი, რომელიც მის ბიზნესს განვითარების ახალ ტრაექტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემს.
ამრიგად, როგორც ტრამპს, ასევე მასკს სკანდალი სჭირდებათ. ამ მხრივ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, პრეზიდენტსა და მილიარდერს განსხვავებული მიზნები აქვთ.
მასკი აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების ელიტის წარმომადგენელია, რომლებმაც მიზნად დაისახეს ტრადიციული ამერიკული პოლიტიკური სისტემის შეცვლა ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. მასკს და მის თანამოაზრეებს სჭირდებოდათ მართვადი პრეზიდენტი, რომელიც მათ ტრანსფორმაციის პროგრამას განახორციელებდა. თუმცა, ტრამპი უმართავი აღმოჩნდა. მან გამოიყენა მასკის და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების რესურსები არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ ტრამპს მიზნათ არ ჰქონდა პრეზიდენტის რანგში მათი წესებით ეთამაშა.
ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში გადასცა ინიციატივა მასკს. მასკმა ბევრი მტერი შეიძინა სამთავრობო ხარჯების მკვეთრად შემცირების გამო. ამასობაში, ტრამპი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებით იყო დაკავებული და მთელ მსოფლიოსთან სატარიფო ომს აწარმოებდა.
მასკსა და ტრამპს შორის პირველი უთანხმოება ტარიფებთან დაკავშირებით დაიწყო. მასკმა გააკრიტიკა ტრამპის მიდგომა სატარიფო პოლიტიკის მიმართ და აშშ-სა და ევროკავშირს შორის უბაჟო ვაჭრობის შემოღებაც კი შესთავაზა. Tesla-ს მანქანების წარმოება ჩინეთშია, ამიტომ ჩინეთთან სატარიფო ომი მასკისთვის არახელსაყრელია.
კონფლიქტის მიზეზი ტრამპის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გახდა. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, თავდაცვისა და სხვა სამთავრობო საჭიროებებისთვის ხარჯების ზრდას. ეს გამოიწვევს აშშ-ის სახელმწიფო ვალის გაზრდას. ტრამპი ჰპირდება, რომ გადასახადების შემცირება და ტარიფები მნიშვნელოვნად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს. მასკი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და თვლის, რომ ბიუჯეტზე ვალის ტვირთი უფრო დიდი გახდება, ვიდრე იყო. მასკმა თქვა, რომ ჯ.დ. ვენსი უნდა იყოს პრეზიდენტი და ტრამპს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადონ.
ფაქტიურად, მასკმა ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია ხელისუფლებაში მოიყვანოს კანდიდატი, რომელიც ტრამპზე უფრო მართვადი იქნება. სოციალური ქსელ X-ის მეშვეობით მასკს შეუძლია ტრამპის რეიტინგის შემცირება და კონკურენტების პოზიციების გაძლიერება. ტრამპის კრიტიკით, მასკი ასევე აღადგენს თავის შერყეულ რეპუტაციას. მასკის ბიზნესის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მის რეპუტაციაზე.
ამ ზაფხულს იწყება კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანია, რომელიც 2026 წლის ნოემბერში გაიმართება. ტრამპს ტექნოლოგიურ კომპანიებთან მკაცრი კონფლიქტი არ აწყობს. ამიტომ, ტრამპი მასკთან გარიგების დადების შესაძლებლობებს ეძებს. კითხვა ისაა, დათანხმდება თუ არა მასკი, თუ გადაწყვეტს ტრამპის დამარცხებას და პოლიტიკურ ფსონს დადებს ვენსზე ან სხვა კანდიდატზე.
ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი