ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

267
spot_img

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე 1945 წელს – უკრაინამ, ბელარუსმა თუ საბჭოთა კავშირმა? – წერს “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი დღემდე დავის საგანია.

“ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა და ხშირად გარკვეულ დავას იწვევს: ზოგი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირმა, ზოგიერთი კი, სსრკ-სთან ერთად, ასახელებს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებს.
მაგრამ ისმება შემხვედრი კითხვა: განა უკრაინა და ბელორუსია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ იყვნენ? განა სსრ კავშირი ერთი საერთაშორისო სამართალსუბიექტი არ იყო?

1944 წელს, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქმნებოდა, წესდების პროექტის თანახმად, ყოველ დამფუძნებელ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ხმა უნდა ჰქონოდა. იოსებ სტალინი, ხედავდა რა იმას, რომ სსრ კავშირი უმცირესობაში მოხვდებოდა, წინადადება წამოაყენა, რომ გაეროს წევრები უნდა ყოფილიყვნენ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებიც – სულ 16 სსრ.
უინსტონ ჩერჩილს უთქვამს:

– მისტერ სტალინ, კარგი ახლა, რანაირი დამფუძნებლები ეგენი იქნებიან, დამოუკიდებლობის ნატამალი არ აქვთო..

იოსებ სტალინს ასეთი პასუხი გაუცია:

– მისტერ ჩერჩილ, თუ არ არიან, იქნებიან, სწრაფად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას მათი დამოუკიდებლობის თაობაზეო და შენ რომ მაგდენი დომინიონი გინდა გაეროს დამფუძნებელი გახადო, მეც ეგრე გავაკეთებო.

მოკლედ, 1944 წლის 28 იანვარს, პირველად გაგანია ომის დროს, ჩატარდა საკავშირო კომპარტიის პლენუმი, რომელზეც მიიღეს დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკების უფლებების გაფართოების შესახებ თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში. დადგენილების მიხედვით, ყოველ მოკავშირე რესპუბლიკაში იქმნებოდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც იმდროინდელი საერთაშორისო სამართლით მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტრუქტურებად მოიაზრებოდნენ.

პლენუმის დადგენილება იურიდიულად გააფორმა სსრკ უმაღლესმა საბჭომ, საბჭოთა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანით.

ანუ ეს ნიშნავდა, რომ 16-ვე მოკავშირე რესპუბლიკა (კარელია-ფინეთის სსრ-ის) ჩათვლით უეცრად “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” გადაიქცნენ.

სხვათა შორის, საქართველოს სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჯერ გიორგი კიკნაძე, შემდეგ მიტროფანე კუჭავა, არჩილ გიგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, რევაზ ფრუიძე, შალვა კიკნაძე, თეიმურაზ გორდელაძე და ბოლოს, გიორგი ჯავახიშვილი (1985-90 წლებში).

დასავლეთმა (ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებმა) კოლექტიურად უარი განაცხადეს მისტერ სტალინის წინადადებაზე, მაგრამ კრემლს მაინც გაუწიეს “შეღავათი” – დათანხმდნენ, რომ გაეროს დამფუძნებლები 1945 წლის 24 ოქტომბერს ყოფილიყვნენ უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ები, როგორც ფაშისტურ გერმანიის განადგურებაში დიდი წვლილის შემტანი რესპუბლიკები.

კონკრეტულად რუსეთის სფსრ გაეროს ოფიციალური წევრი არ ყოფილა, მისი ფუნქციის შესრულება უშუალოდ საბჭოთა კავშირმა იკისრა.

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს დამფუძნებლებად წარმოადგინა ავსტრალია, ინდოეთი, კანადა და ახალი ზელანდია (დომინიონები).

მოკლედ, რადგან იმდროინდელი საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ხოლო დღევანდელი რუსეთი გაეროს წევრი 1990-იან წლებამდე არ ყოფილა, გამოდის, რომ კონკრეტულად ფაშისტურ გერმანიასთან 1941-45 წლების ომში, სახელმწიფოს სტატუსით, გაუმარჯვიათ უკრაინას, ბელარუსს და საბჭოთა კავშირს”, – წერს სიმონ კილაძე.