ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეთიუ მილერმა განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს, აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს, ასევე, 60-ზე მეტ ქართველ პირს სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედბებში მონაწილეობის გამო“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგს წარმოადგენს.
„აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაწვევითა და გაუქმებით და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების რეკომენდაციების შესრულებისას მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით, შეუძლია თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს.
„ბოლო 32 წლის განმავლობაში, აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული გახდეს და გახდეს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.