ამერიკული რადიო Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვილნიუსი და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ორიენტირი“.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ვილნიუსის სამიტამდე მთავარი კითხვა ის იყო, გასცდებოდნენ თუ არა მოკავშირეები „ბუქარესტის სამიტის პათოსს“. გადაწყდა, რომ უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმა“ აღარ დასჭირდება და ნატო მას გრძელვადიან პერსპექტივაში, ალიანსთან თავსებადობის გასამყარებლად აქტიურად დაეხმარება. სად არის ამ პროცესში საქართველო? რა მიიღო ან ვერ მიიღო ქვეყანამ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გარდაქმნების ეპოქაში? ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ნაკლები აქტიურობა და დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები ალიანსისთვის მნიშვნელოვან კითხვად რჩება.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი სადაა ახლა საქართველო ამ პროცესში. მე იმდენად ოპტიმისტურად აღარ ვარ განწყობილი, როგორც რამდენიმე წლის წინ. განსაკუთრებით კი, როცა თქვენი პრემიერ-მინისტრისგან „გლობალური უსაფრთხიების“ ფორუმზე მოვისმინეთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატოს გაფართოებამ გამოიწვია“, – ამბობს ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი.
ჰოჯესი, სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, შიდა თუ საერთაშორისო ტრიბუნებთან გაკეთებული განცხადებები, დასავლეთში ქვეყნის დემოკრატიულ კურსთან თუ გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
„ეს [გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადება] ჩემთვის ისე ჟღერდა, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ სურს, რადგან არ სურთ გამოიწვიონ კიდევ უფრო მეტი რუსული აგრესია. პრემიერი არ ამბობდა, – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ნატოს წევრობით, მაგრამ ეს ჟღერდა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არ არსებობს ინტერესი ან დაუყოვნებლობის განცდა. და როცა საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობამ გამოიწვია, ეს ჩემთვის გამამხნევებლად ნამდვილად არ ჟღერს“, – ამბობს თადარიგის გენერალი.
ალიანსის კომუნიკეში მოკავშირეეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და თქვეს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. თუმცა, ამისთვის, უკრაინისგან განსხვავებით, წევრობის სამოქმედო გეგმა, იგივე მაპი, პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება. დაახლოების გზაზე კი ქვეყანამ „უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების მიმართულებით, უმთავრესი დემოკრატიული რეფორმების ჩათვლით“.
ექსპერტები ამბობენ, რომ მართალია უკრაინას წევრობის კონკრეტული ვადები ალიანსისგან არ მოუსმენია, მაგრამ მან გაწევრიანების გზაზე წინ გადადგა ნაბიჯები. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს შესახებ, კომუნიკეში “ხარისხობრივი განსხვავება” არაა და ის, რომ უკრაინისადმი ყურადღება ომითაა განპირობებული, თბილისს “არ უნდა შეშურდეს”. კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის წევრობის საკითხი კვლავ ბუნდოვანია და ალიანსი კომუნიკეშიც იმეორებს, რომ ის მოსკოვთან კონფრონტაციას არ ცდილობს.
წელს, ნატოს სამიტზე, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. მმართველი გუნდის წევრებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემაც, სამიტის წინაც და მისი დასრულების შემდეგაც, არაერთი კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ საქართველოს გაწევრიანების საწინააღმდეგო გონივრული არგუმენტები უბრალოდ აღარ არსებობს, რომ ნატო თავად ტოვებს ბუნდოვანების „რუხ ზონაში“ საქართველოსა და უკრაინას და ეს რუსეთს რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მეტად გართულების საშუალებას აძლევს. მოლოდინის პროცესი კი თავადაა რისკის შემცველი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ერთი მხრივ არასაკმარისი აქტიურობა, მეორე მხრივ კი ის, რომ ამ თემაზე ორაზროვანი განცხადებები კეთდება, დასავლეთში ეჭვებს აჩენს, რამდენად სურს საქართველოს ხელისუფლებას დასავლური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი გახდეს და ხედავს თუ არა მას უსაფრთხოების და რუსეთის აგრესიისგან დაცვის გარანტიად.
მაჰალ ბარანოვსკი, „გერმანიის მარშალის ფონდის“ რეგიონული დირექტორი ამბობს, რომ ვერ ხედავს საქართველოს მთავრობის წარმატებას ნატოსთან დაახლოების გზაზე. „ჩვენ ვხედავთ კრემლის ნარატივების გახშირებულ გამეორებას ისეთ თემაზე, როგორიცაა ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ომი უკრაინაში. ახლახან, პრემიერმა პრაქტიკულად გაიმეორა, რომ ომის პროვოცირება ნატომ მოახდინა. ეს ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“, – მიიჩნევს ბარანოვსკი.
რეგიონის მკვლევრების თქმით, როცა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია განიხილება, ამგვარი განცხადები თუ ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესები, ერთიან კონტექსტშია დანახული და შეფასებული.
„ჩვენ საქართველოს შეშფოთებით ვუყურებთ. ბევრი კრიტიკა გამოიწვია რუსეთთან ფრენების აღდგენამ და ახლა უკვე შეჩერებულმა კანონმა „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ დადებით წინსვლას საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო. ვიმედოვნებ, საქართველო იპოვის განსხვავებულ გზას წინ წასასვლელად, იმის ნაცვლად, რომ იყოს ერთგვარად გაჩერებული და იჯდეს ღობეზე იმის გადასაწყვეტად, მიუახლოვდეს თუ არა დასავლეთს“, – ამბობს „გერმანიის მარშალის ფონდის“ რეგიონული დირექტორი.
თუკი 2008 წლის შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს გაფართოების კონტექსტში გამუდმებით ერთად მოიაზრებოდნენ, ანალიტიკოსების აზრით, ვილნიუსის სამიტმა ამ ორი ქვეყნის გზების გაყოფა კიდევ უფრო გამოკვეთა. უკრაინა ნატოს უახლოვდება, საქართველოს მიმართ კი რიტორიკა, უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ არ იცვლება.
ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა „გაფართოების ერთ კალათში იყვნენ“ და წლების განმავლობაში საქართველოს წევრობა უფრო აქტიურადაც კი განიხილებოდა.
„საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში საქართვლოს უდიდესი და ძალიან შთამბეჭდავი კონტრიბუცია შეჰქონდა. ეს ყოველთვის უძლიერესი არგუმენტი იყო. მაგრამ, ეს შეიცვალა… ნატო არაა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მათემატიკური ჯამი. ეს ასევე არის ორგანიზაცია, რომელიც კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ლიბერალურ ეკონომიკას, კორუფციასთან ბრძოლას ეფუძნება. შიდა დემოკრატიის ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია… აქ კი ბევრ პრობლემას ვხედავთ. არ მინდა კონკრეტიკა, მაგრამ ეს ყველაფერი ზოგად სიტუაციაში ირეკლება და ხსნის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება“, – ამბობს ლინკევიჩიუსი, რომელიც მინისტრობამდე თავად იყო ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში 2005-2011 წლებში.
ის, რომ უკრაინა დასავლელი მოკავშირეების ყურადღების ცენტრშია, არ უკვირს ანა ბორშჩევსკაიასაც, “ვაშინგტონის უნივერსიტეტის” უფროს მკვლევარს. თუმცა ამბობს, რომ გარდა აქტიური საომარი მოქმედებებისა, საქართველო-უკრაინა ახლა „შიდა საკითხების მიხედვითაც სხვადასხვა ადგილას არიან“:
„ის, რომ ნატოს გზავნილები საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩა, მაგრამ შეიცვალა უკრაინის მიმართ, ცხადია უპირველესად იმ მიზეზითაა განპირობებული, რომ უკრაინა კონფლიქტის ეპიცენტრშია. მეორე მიზეზი ალბათ ქართული პოლიტიკის მდგომარეობაა. საქართველო კვლავ მიისწრაფვის ნატოსგან, ქართველ ხალხს სურს ევროპული ინტეგრაცია და ეს კონსტიტუციაშიცაა ასახული. მაგრამ, როცა საუბარია პროგრესზე, ამ კუთხით ორივე მხარეს, წლების განმავლობაში იმედგაცრუება გროვდებოდა. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ პროგრესი არ ყოფილა, საქართველო და უკრაინა უპირისპირდებიან მსგავს პრობლემებს და მსგავს გარემოებებში არიან. თუმცა, ეს ორი ქვეყანა გეოპოლიტიკურადაც და შიდა საკითხებითაც ახლა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება“, – ამბობს ბორშჩევსკაია.
მაშინაც კი, როცა ანალიტიკოსების აზრით, ინტეგრაციის პროცესის სისწრაფესთან დაკავშირებული იმედგაცრუება შეიძლება ლოგიკური და სამართლიანიც იყოს, ლიეტუვის ყოფილი პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ეს არაა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ დასავლელი მეგობრების რჩევები ხელისუფლებამ შეურაცხყოფად მიიღოს და მათ სერიოზულად არ მოეკიდოს:
“თუკი შენი მეგობრების რეკომენდაციებს, რომლებსაც სურთ, რომ მათ კლუბში გაერთიანდე, არ ისმენ, უგულებელყოფ და შეურაცხყოფილადაც კი მიიჩნევ თავს, ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში პროგრესს ელოდე. პირველ ყოვლისა, უნდა გაიაზრო, როგორია რეალობა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და უნდა გავწიოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ის გადავჭრათ”, – მიიჩნევს ლინკევიჩიუსი და დასძენს, რომ ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი ქვეყნის დასავლური მისწრაფებები უნდა იყოს და არა – შიდა პოლიტიკური დისკუსიები:
“როცა შენ მართლა ფიქრობ შენი ქვეყნის მომავალზე და მართლა გჯერა, რომ ეს ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ, ევროპულ საზოგადოებას ეკუთვნის, უნდა გადალახო პარტიული ინტერესები და შენი მთავარი ფოკუსი, სახელმწიფო ინტერესები და პრიორიტეტები უნდა იყოს”, – განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყოფილი თავდაცვისა და საგარო საქმეთა მინისტრი. თუმცა, ლინკევიჩიუსი საქართველოს მოქალაქეეებს იმედის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვტილებები არა “უარი” ან “დაკარგული შესაძლებლობა”, არამედ “სიგნალია”.
“ჩემი აზრით, ეს არაა ყველაზე ცუდი შედეგი. ნამდვილად ახლოსაა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობასთან, თუმცა ჯერ ასე არაა. ესაა სიგნალი, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მივიღოთ და ჯერ ის ყოვველივე, რაც მიღწეულია, რისი პირობაც მიღებულია, განადგურებული არაა. საქართველო კვლავ ამ გზაზეა. იგივე ეხება ევროკავშირის წევრობასაც – საქართველო არ გამოუტოვებიათ, მას მიანიჭეს ევროპულ პერსპექტივა… ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ. მე არ ვარ რომელიმე კონკრეტული მთავრობის მეგობარი, მე საქართველოს წარმატების ნახვა მინდა. მგონია, რომ ის იმსახურებს ამას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს თქვენ ნაცვლად ვერ გავაკეთებთ. ეს, თქვენი თავისთვის, თქვენვე უნდა გააკეთოთ”, – განმარტავს ყოფილი დიპლომატი.
ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში ალიანსი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნატო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა, ქვეყანამ ნატოსთან დასაახლოებლად ამ დრომდე შექმნილი პლატფორმები სრულად უნდა გამოიყენოს და დემოკრატიული რეფორმების კუთხით პროგრესი აჩვენოს.