ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებთან შესახვედრად ემზადება, რათა სასწრაფოდ 60 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობის ამერიკული დახმარება მოიზიდოს, უკრაინის დედაქალაქზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომელიც მობილური კავშირის ოპერატორის, „კიევსტარის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე შეტევა ერთ-ერთ უკრაინულ ბანკზეც განხორციელდა. ამის შესახებ სტატიას The Washington Post ავრცელებს.
ჰაკერული შეტევა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის არსებული საფრთხის ერთ-ერთი ნიშანი იყო, რადგანაც ვაშინგტონში „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლის გამო უკრაინამ, შესაძლოა, მისი მთავარი მოკავშირის დახმარება დაკარგოს.
კონგრესში და თეთრ სახლში ვიზიტამდე ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. მან აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვა შეაჯამა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს იმიტომ ებრძვის, რომ თავისუფლების წინააღმდეგ მისი ბრძოლის საწყის ეტაპზე შეაჩეროს.
„თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ უკრაინის ნდობა, ხოლო ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-ს ვენდობით. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, დიქტატურები ზეიმობენ და მათ ძალზე საშიში ამბიციები უჩნდებათ “, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედროებს კარგად უნდა ესმოდეთ რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, როდესაც ჭურვებს კვირების, თვეების განმავლობაში ელოდებიან, და არც იციან, ჩამოვა ის თუ არა.
„როდესაც იმის ნაცვლად, რომ წინ მიიწევდე, შენ უბრალოდ აკვირდები მოწინააღმდეგეს და შეიარაღებას ელოდები, ხოლო შენი მოწინააღმდეგე ამ დროს შტურმს ამზადებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ეს განცხადებები ნათლად ასახავს უკრაინელთა გულდაწყვეტილობას წელს დაწყებული კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო, რომელიც ძალზე ნელა მიმდინარეობს, უკრაინა დამატებით იარაღს მოითხოვდა, ასევე კიევში აცხადებდნენ, რომ მისი სამხედროები დასავლეთმა, პირველ რიგში აშშ-მა უკეთესად უნდა მოამზადოს, რათა რუსეთის აგრესიას წარმატებით დაუპირისპირდეს.
ამ დროს კი რუსეთმა გააძლიერა თავდაცვითი პოზიციები უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, შექმნა ნაღმის ველები, რამაც უკრაინელთა მხრიდან ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდი დანაკარგი გამოიწვია.
ზელენსკის კომენტარში ასევე იგრძნობა მისი უკმაყოფილება ამერიკელი კანონმდებლების ფრთხილი პოზიციის გამო, რომლებიც უკრაინას დამატებით დახმარებას არ აძლევენ. „რესპუბლიკელებმა“ ეს პაკეტი აშშ-ის სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას დაუკავშირეს, იმ იმედით, რომ ის კონსერვატიული ფრთის მხარდაჭერას მიიღებს. შემდგომმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ აშშ-ში ფაქტობრივად პროგრესი შეაჩერა და ზელენსკიმ შეერთებული შტატების სენატორების წინაშე სიტყვით გამოსვლაზე მოულოდნელად უარი განაცხადა.
ახლა უკრაინაშიც და ვაშინგტონშიც ცოტაა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს ფინანსური დახმარება მხარდაჭერილი იქნება. უკრაინის ზოგიერთი ოფიციალური პირი მაინც იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ამერიკელ კანონმდებლებს, რომ იანვარში უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირონ.
ამ დროს კიევისთვის განსაკუთრებული ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხს ევროკავშირი განიხილავს. ასევე უნდა დაიწყოს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება, მაგრამ აქ ერთი პრობლემა გაჩნდა – ბრიუსელი უნგრეთის წინააღმდეგობას შეხვდა, რომელიც ამ გეგმებზე ვეტოს დადებით იმუქრება.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ გაცხარებულად მსჯელობენ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მელეის ინაუგურაციის კულუარებში. ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს და კიევისთვის დახმარების საკითხს ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა.
უკრაინაში პოლიტიკოსები და საზოგადოება აღიარებს, რომ დასავლეთის მხრიდან დახმარების შემცირება შეიძლება უკრაინისთვის დიდ საფრთხეს შეიცავდეს. რუსულ ძალებს ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი ოკუპირებული აქვთ და კრემლი გაჩერებას არ აპირებს.
უკრაინას იმედი აქვს, რომ აშშ მას შეიარაღების ფართო სპექტრს მიაწვდის, მათ შორის ჭურვებს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს დაიცავს. რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის კიევზე, რაკეტებით და დრონებით შეტევებს განაგრძობს.
არსებობს იმის საფრთხეც, რომ თუ უკრაინა სათანადო იარაღს არ მიიღებს, რაც წინ წასაწევად ან საკუთარი თავის დასაცავად არის საჭირო, მაშინ ის იძულებული გახდება, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართოს და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დათმოს. ამ სცენარზე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს რუსეთს კიდევ უფრო დიდი გამბედაობას შემატებს და ის საერთაშორისო წესრიგზე შეტევას განაგრძობს.
პუტინი კი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს. ამ ოლქების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
რთული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ხუმრობას მაინც ახერხებენ. 12 დეკემბერს უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა კანონპროექტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის დასამარცხებლად ყოველდღიური ლოცვის წაკითხვას ითვალისწინებს.
„ახლა მე ვხედავ, რომ კოალიციას, როგორც იქნა, გეგმა „ბ“ გაუჩნდა იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსური დახმარების საკითხი დროზე ვერ გადაიჭრა,“ – ამბობს ხუმრობით უკრაინელი დეპუტატი.