,,ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დავუშვებთ” – გაიაშვილი

182
spot_img

თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და პასუხობს:

„არ მსურდა ქალბატონ პრეზიდენტზე რამე მეთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ მისმა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებამ სხვა გზა არ დამიტოვა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას, რომელსაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ოცდაათი წელიწადი უსრულდება და, რომელმაც საქართველოსთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა,  ბოიკოტი გამოუცხადა. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან.

ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მით უმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია. გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავად სახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა  უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში, ”ჯორჯიან ეარვეისს” კი არავისგან არაფერი მიუღია, გარდა ხელის შეშლისა.

გამდიდრებაზე თუ არის საუბარი, ქალბატონმა საკუთარ წინაპრებზე ილაპარაკოს, რომლებმაც საქართველოს ხაზინასთან ერთად ეკლესია-მონასტრები და ეროვნული მუზეუმები გაძარცვეს და საქართველოდან გაიქცნენ, ქართველი ხალხი კი მშიერი დატოვეს. მაშინ ბეწვზე ვართ გადარჩენილი, ისე უმოწყალოდ ვიყავით გაძარცვული.

რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინათ, ფრანგულ ავიაკომპანია ”ეარ ფრანსის” კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი, პიარის გასაკეთებლად, პარიზში გაჰყვა.  მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი.

ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არცერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული.  მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს-ხოლმე თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას.

ავიარეისები არ განახორციელოთო, მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე  აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრავს. ან რა  ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.

ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა.

ბევრს აღარ გავაგრძელებ.

ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის,  ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ“,- აცხადებს გაიაშვილი.