ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ნატოს სამიტი ორგანიზაციის დაარსებიდან 75-წლისთავის აღსანიშნავად, უკრაინისთვის ხანგრძლივი დახმარების განსამტკიცებლად და დასავლეთის მიერ დონალდ ტრამპის მეორე ვადით მოსვლისგან დასაცავადა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, არავინ ელოდა, რომ ამ კვირაში ვაშინგტონში გასამართი შეხვედრის მთავარი თემა 81 წლის [აშშ-ის] პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მეხსიერების შემოწმება გახდებოდა, ვინაიდან მის წინასაარჩევნო კამპანიას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაიდენს კატასტროფული გამოსვლა ჰქონდა დებატებზე.
ბაიდენი საკუთარი ლიდერობით და უკრაინის დახმარებით ჯორჯ ბუში უფროსის შემდეგ ნატოში ყველაზე სანდო პიროვნებად აღიარეს. თუმცა მისი მიღწევები, როგორიცაა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, მისი პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლამ დაჩრდილოს.
სტატიის თანახმად, ბაიდენის თითოეული ნაბიჯი, ჟესტი და წარმოთქმული სიტყვა სამიტზე დიდი ყურადღების ქვეშ იქნება, განსაკუთრებით დაუგეგმავი შეხვედრების დროს. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც მან წარუმატებელი დებატები გამართა და 50 მილიონი მაყურებლის თვალში ის მოხუცი და უძლური მთავარსარდალი გახდა.
„ბაიდენი, რომელიც ნატოზე უფროსია, დიდი წნეხის ქვეშ იქნება, რადგან პრესკონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს არის დაგეგმილი, მას ენერგიისა და სისხარტის დემონსტრირება მოუწევს. ნებისმიერი მინიშნება სისუსტეზე დემოკრატების რიგებში შესაძლოა ახალი პანიკის საფუძველი გახდეს. პრეზიდენტს შესაძლოა უამრავი კითხვა დაუსვან მისი ჯანმრთელობის შესახებ.
მის პრესკონფერენციას დიდი ინტერესით დემოკრატებიც მიადევნებენ თვალს, რომლებიც ითხოვენ, რომ ბაიდენმა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა ემსახუროს ქვეყანას მეორე ვადით, რომლის ამოწურვის მომენტისთვის ის უკვე 86 წლის იქნება. მაგალითად, სენატორმა პეტი მიურეიმ ორშაბათს განაცხადა: „უახლოეს მომავალში ჩვენ მეტად ძლიერი და ენერგიული კანდიდატის ხილვა გვსურს, რათა მან დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ის ამ საქმეს თავს გაართმევს“.
ბაიდენის ფიასკომ აშშ-ის მოკავშირეებისთვის ახალი პრობლემები შექმნა. ისინი უკვე ახალ გეგმაზე მუშაობენ. ბევრ მათგანს ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვების ეშინია. ამიტომაც მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ამ კვირას შეხვდებიან ბაიდენს, თავად შეაფასებენ მის პოლიტიკურ მომავალს“, – წერს CNN-ი.
სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაინც ვერ შეაჩერა. ამას ადასტურებს ის, რომ რუსები კვალავ განაგრძობენ უკრაინის დაბომბვას. თუმცა, ამის მიუხედავად, ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ კარგი სამხედრო კოალიცია შექმნა, როგორც ეს ხდებოდა 80-იან წლებში, როცა ამერიკა სსრკ-ს წინააღმდეგ მებრძოლ ავღანელ მოჯაჰედებს აწვდიდა იარაღს. მან ნატოს აქტუალიზება და ორი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანება მოახერხა.