ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

14
spot_img
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, კობა კობალაძე, გორს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის დირექტორმა, შეხვედრა გამართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე მღებრიშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით, ასევე, კერძო სექტორისა და პარტნიორი ქვეყნების თანადგომით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის დაფასებისთვის და საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციისთვის ხორციელდება. სამსახურის დირექტორმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განათლებაზე ორიენტირებული, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგზარდების მნიშვნელობას ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდობისთვის ხარისხიანი, კვალიფიციური განათლების მიღებაში ხელშეწყობა სამსახურისთვის, ისევე, როგორც სახელმწიფოს მესვეურთათვის, პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით, ინტენსიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ შიდა ქართლმა საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე არა ერთი ბრძოლა გამოიარა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და რეგიონმა ბევრი გმირი და ღირსეული მამულიშვილი გაუზარდა სამშობლოს; სწორედ ამიტომ, ამ კუთხის მკვიდრთათვის, განსაკუთრებით დასაფასებელია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილება ვეტერანთა და მათი შვილების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით; უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, სამსახურთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა იმ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებში ეროვნული სულისკვეთების ამაღლებისკენ და მათი პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩართვისკენ იქნება მიმართული.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ამავე დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ზურაბ ზურაბაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კვერნაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და ალექსანდრე მღებრიშვილმა მოაწერეს.
სამსახურის დირექტორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლავთ სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება. მემორანდუმით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 66 სტუდენტის თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.