ველოდებით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და რის საფუძველზეც საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. გარდა ამისა, მან ვრცლად ისაუბრა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესსა და ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.
ამ კონტექსტში, დარჩიაშვილმა განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელს შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა და ის მაშინაც სრულად აკმაყოფილებდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ წინაპირობებს, იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში და მნიშვნელოვნად წინ არის ევროკავშირის მოთხოვნებთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების ხარისხით.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად.
მინისტრის თქმით, საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას და ამ ეტაპზე, შესრულებული აქვს შეთანხმების ვალდებულებების, დაახლოებით, 50% (ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი). საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხი დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ.
სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო და პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე ჩანს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხაზგასასმელია ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისადმი, რომელიც, ქართული მხარის ძალისხმევით და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული.
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების განხორციელებულ მნიშვნელოვან ვიზიტებზე ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები ბრიუსელსა და ბერლინში, რომლის დროსაც მან შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერაზე.
ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ელექტრო კაბელის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ საკვანძო საფლაგმანო ინიციატივას წარმოადგენს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად მოხდეს პოლიტიკური და ინსტიტუციური რესურსების მობილიზება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკომისიასთან საქართველოს შეფასების მომდევნო ანგარიშისთვის. ამასთან, დარგობრივ უწყებებთან აქტიური კომუნიკაციით, გაგრძელდება ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის კუთხით ახალი შესაძლებლობების მოძიება. ასევე, გაძლიერდება ძალისხმევას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებით.