
ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს.
პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.
გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავეს, მათგან 136 – დააპატიმრეს. მისი თქმით, გასულ წელს პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს, ხოლო 322 პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება.
მედია აღნიშნავს, რომ ვარშავაში ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფებების პრობლემებზე ცოტა ხნის წინ ვარშავის მერმა, რაფალ ტჟასკოვსკიმაც ისაუბრა.