ვარკეთილის დასახლებაში 4-სართულიანი ავარიული შენობა ახალი, 10-სართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება

133
spot_img

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსი, რომელიც ოთხსართულიანი ავარიული შენობაა, ახალი, ათსართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობის ამსახველი, ასევე, ახალი პროექტის ფოტომასალა წარმოადგინა.

მისი თქმით, შენობის მწვავე ავარიულობიდან გამომდინარე არსებული საფრთხეების გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

„წინაასარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ავარიული სახლების  ჩანაცვლება იყო. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა მორიგი პროექტი გაგაცნოთ – ეს არის საცხოვრებლად უვარგისი შენობა, რომლის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიას. 45 ოჯახი ქირით გვყავდა გაყვანილი, რადგან იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა. გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე და გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა აღნიშნული პროექტის მიმართ, რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოვლინდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს.

„გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს. მაგალითად, 100 კვადრატულში ცხოვრობენ,  თუმცა 5-20-30 კვადრატული მეტრით მეტ ფართს ითხოვენ, რისი უფლებაც არ გვაქვს. ეს კი პროექტის განხორციელებას აბრკოლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მზად ვართ, ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი სახლი და ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი კორპუსი აგიშენოთ – სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, გაგიყვანოთ ქირით, იჯარით, რომ არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწიოთ, ორი წლის თავზე კი, სრულიად ახალი, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.