ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების დაჯილდოების ფარგლებში, პრიზი გადაეცა.
კერძოდ, არქეოლოგიურ მუზეუმმა ბარსელონაში, ევროპის მუზეუმების ფორუმზე მიიღო სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის“. პრიზი ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები ქალაქ ვანის, არქეოლოგიური გათხრების ადგილისა და რელიგიური ცენტრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მითიურ ოქროს საწმისთან. მისი ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენებით, რომლებიც ასახავს კოლხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის არსებობის რვა საუკუნეს. მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვანის მუზეუმი ცდილობს, გაზარდოს ცნობიერება საზოგადოებრივი, კულტურისა და განათლების ფართო საკითხებზე.
„მუზეუმის პროექტები და პროგრამები მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ჩართვისკენ არქეოლოგიური ძეგლის დაცვაში. მუზეუმი გთავაზობს უამრავ პროგრამას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა აუდიტორიის და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართულობა“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე.