
ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ მილანი ქართველებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზით – საქართველოს მილანში თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენდა.
„ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან, ეს არის უნიკალური იტალიური კულტურა, უნიკალური ისტორია, სპორტი, სამზარეულო, დაკავშირებული ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.
რაც შეეხება მთავარ თემას, მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო – ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და, სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება. ჩვენ ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც ჩვენ დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული დიასპორა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. დასასრულს მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო იტალიის მიმართ, იტალიელი ხალხის მიმართ იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.