ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა

171
spot_img

ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების – კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა.

ამ ისტორიული თარიღისა და დახვრეტილი მამულიშვილებისადმი პატივის მიგების მიზნით, ვაკის პარკში, სადაც ისინი დახვრიტეს, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ჩართულობით,თბილისის მერიამ მემორიალური კუთხე მოაწყო. კუთხეში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, ქვაჯვარი და სასანთლე.

დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მემორიალური კუთხე.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სივრცე გაკეთდა იმისთვის, მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„100 წელი გავიდა ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან. ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ჩვენ, ცხადია, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ დღესაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის.

დღეიდან, ვაკის პარკში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია ამ გმირებს მივაგოთ პატივი. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონისმაჟორიტარი დეპუტატები.

ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები.

მემორიალური კუთხე და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.