ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში -ევროკავშირი

2
spot_img

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ“.

„2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით.

საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანთა უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადასასვლელი პუნქტების დახურვისა, რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების გზით. გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვები უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებათა დარღვევები უნდა გამოიძიონ და ყველა მსხვერპლისთვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთვის ყველა შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელთა წინაშეც ის დგას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და გავაძლიერებთ მის მდგრადობას რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების წინაშე. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით ადგილზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.