
უვიზო მიმოსვლის თემით ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია ის შეფასებები, რაც პოლონეთის მხრიდან მოისმინეს.
„არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის, რათა ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. პოლონეთის მხრიდან ეს ერთგვარად კოორდინირებულ მოქმედებებს უფრო ჰგავს. ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ინსტრუმენტად – დიდი ხანია, ამაზე მუშაობს ოპოზიცია და თავის დროზე, ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა, რათა საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.