
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა. უცხოური მედიის ცნობით, შეხვედრის ატმოსფერო „პოზიტიური“ იყო, მოლაპარაკებები ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი აბას არაღჩი სტივ უიტკოფს პირისპირ „მხოლოდ რამდენიმე წუთით“ შეხვდა ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს.
როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-სა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა.
„არც ჩვენ და არც მეორე მხარეს არ სურს დისკუსიები დისკუსიებისთვის, დროის ფლანგვა ან საუბრები, რომლებიც უსასრულოდ გაგრძელდება“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 19 აპრილს გაიმართება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრის ადგილი შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა ომანის შუამავლობა კვლავ ძალაში დარჩება.
აბას არაღჩის განცხადებით, ამერიკული მხარეც აღნიშნავს, რომ მხარეებმა პოზიტიურ შეთანხმებას შესაძლოა, მალე მიაღწიონ. მისივე თქმით, „ეს არ იქნება ადვილი და მოითხოვს ორივე მხარის მზადყოფნას“.