“უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”- შალვა პაპუაშვილი

164
spot_img

ჩვენ კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ამ ევრორეკომენდაციებს. ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჩვენს შრომას გავწევთ და ამას მოსახლეობა დაინახავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსების.

მისი თქმით, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანით არის დაკავებულია, ამ განზრახვაზე ხელი აიღოს.

„გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე უარყოფითი იქნება თუ დადებითი, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა იმ მხრივ არ იქნება, რომ მთავარია, დავინახოთ, რომ საქართველო, ხელისუფლება იყოს პატიოსანი თავის მიდგომებში. თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, როგორც შარშან იყო უსამართლო, ესეც იქნება არამხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ უკვე ეცოდინება ევროკავშირს, რომ ამით აძლევს იარაღს საქართველოში რადიკალიზმს. ვხედავთ, რომ ჯგუფებს ამზადებენ, ხდება პროვოკაციების ტესტირება. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ამის შემადგენელი ნაწილია, ასევე, ის სემინარებიც, სადაც იარაღს ატრიალებენ და რევოლუციაზე საუბრობენ, ამის შემადგენელია. ეს არის, ასე ვთქვათ, გარკვეული გაშლილი ფრონტი, სადაც ხდება ძალადობის კულტივირება, აგრესიის დაგროვება, ჩვენება იმისთვის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღარ იყოს გაუცხოება იარაღის მიმართ და როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“ დაავლო ვიღაცამ ხელი და ესროლა ადამიანს და წვავდა, ასე დაავლოს ამ იარაღს ხელი, როცა მიაჩეჩებენ, და მოკლას ადამიანი. ამისკენ მიჰყავთ ყველაფერი. ამას სჭირდება დროული რეაგირება, რადგან მერე უკვე გვიანი იქნება. მერე. როდესაც ეს „მოლოტოვის კოქტეილით“ დაზიანებული ადამიანი მხოლოდ დაზიანებით კი არ გამოვა, უარესი შედეგი დაგდება, გვიანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. დროა, დღესვე დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება და ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსებისა და ამას ახლავე უნდა შეეშვას ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც კი ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.