პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვა მიმდინარეობს.
გიორგი გახარიას კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჰკითხა :„თქვენ მიიჩნევთ, რომ ნაკლებად ეფექტურად აკონტროლებდით ამ ტერიტორიას და ამოცანა იყო, უფრო ეფექტურად გაგეკონტროლებინათ, ამიტომ ჩადგით საგუშაგო?“, რაზეც გახარიამ განაცხადა:
„უფრო ეფექტურად გამეკონტროლებინა, მაგრამ ეგ არ იყო მთავრი. მთავარი იყო, ბორდერიზაცია არ მომხდარიყო“, – განაცხადა გახარიამ.
გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „დაკავებები არ დადასტურდა სუს-ის მიერ, სულ ორი პირის შეჩერება იყო ამ ტერიტორიაზე. საგუშაგოს დადგმის შემდეგ მთლიანად წაიღეს ეს ტერიტორია. გამოვიდა, რომ თქვენი გადაწყვეტილებით აბსოლუტურად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ტერიტორია. დაკავებები ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა, საწინააღმდეგო ფაქტი თქვენ არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ საგუშაგოს დგამთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეტ-ნაკლებად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი ჩვენი მხრიდან, ხალხი დადის ტყეში, პრობლემა არ აქვს. ორი ადამიანი მხოლოდ შეაჩერეს და არ დააკავეს, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ მივიღეთ ის, რომ ამ ტერიტორიით საერთოდ ვეღარ სარგებლობენ“.
აღნიშნულის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ შოკშია იმით, რასაც ისმენს.
„შოკში ვარ, ახლა რასაც ვისმენ. ამბობთ, რომ ოკუპანტების შეიარაღებულმა ხალხმა უბრალოდ შეაჩერეს, რა მოხდა მერე? მოეფერნენ, შეაჩერეს, უბრალოდ უთხრეს, რომ ეს ნორმალურია? მეორეც, ჰკითხეთ ტაბატაძეს, მონიშვნები იყო თუ არა დაწყებული? იყო თუ არა მწვანე ბანერი, რომ აქ არის სამხრეთ ოსეთის საზღვარი? სუს-ს არ აქვს ეს ფოტოები, მე გამოგიგზავნოთ?“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპასუხოდ მაჭარაშვილმა გახარიას მიმართა: „მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა და წესით, შოკში უნდა იყოთ“.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა გახარიას კითხვა დაუსვა: უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ჩორჩანას მკვიდრთან, ელგუჯა ხარაზიშვილთან ერთად შეხვალთ ამ ტერიტორიაზე, წაჰყვებით მას? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას? ხომ აღიარებთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილი და მისნაირები მანამდე დადიოდნენ ამ ტყეში. დადეთ პირობა, რომ ელგუჯა ხარაზიშვილს გაჰყვებით ამ ტერიტორიაზე, რაზეც გახარიამ უპასუხა:
„თქვენ არავინ ხართ ჩემთვის, რომ ეს პირობა დამიყენოთ. თქვენი საქმე არ არის, ელგუჯა ხარაზიშვილთან რა ურთიერთობა მექნება“.